
რობინ დანიგანი: სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი
საქართველოში აშშ-ის საელჩომ, აშშ-ის ელჩის საქართველოში რობინ დანიგანის გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის საქართველოზე და აქ გატარებულ წლებზე საუბრობს. დანიგანის თქმით, საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია, ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი კი გაუტეხელია.
„მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რომ დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემი 33-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო, არასოდეს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს. მადლობა, რომ გაგვიღეთ თქვენი გულისა და სახლის კარი მე და ჩემს ოჯახს. მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი გულითადი სადღეგრძელოები და გემრიელი სუფრა, თქვენი დიდებული პოლიფონიური სიმღერა და თქვენი უნიკალური კულტურა. ჩვენ მოვიარეთ ეს ულამაზესი ქვეყანა სვანეთიდან უშგულამდე, კახეთიდან თუშეთამდე და თბილისის ყველა კუთხის ჩათვლით და სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან საკუთარი ოჯახივით გვიღებდნენ. განცვიფრებულები ვართ თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით.
ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია და ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით, ვიცი, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე!“- აცხადებს რობინ დანიგანი.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა 5 ივნისს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, აღნიშნულის მიზეზად კი პირადი გადაწყვეტილება დაასახელა, ის რომ სურს ჩამოშორდეს დიპლომატიურ საქმიანობას და პენსიაზე გავიდეს. დანიგანმა ასევე გააკეთა განცხადება, რომ გადაწყვეტილება პირადია და გაწვევა აშშ-ის მთავრობას არ მოუთხოვია.