
ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის პროცედურები იწყება
აჭარის უმაღლეს საბჭოში ვადამდე გამოკლებული წევრების – ირაკლი ბოლქვაძისა და გოჩა გუგუნავას ადგილმონაცვლეების – ნინო ჩხეტიასა და არჩილ სამნიძის უფლებამოსილების ცნობის პროცედურები იწყება. საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი, შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
ბიუროს სხდომაზე ორივე საკითხი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა.
მისი განცხადებით, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ორ წევრს – ირაკლი ბოლქვაძესა და გოჩა გუგუნავას, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, ვადამდე შეუწყდათ სადეპუტატო უფლებამოსილება. კანონმდებლობით განსაზღვრული შემდგომი პროცედურების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) მიმართა მათ ადგილმონაცვლეებს პარტიული სიის მომდევნო ნომრით – ნინო ჩხეტიასა და არჩილ სამნიძეს. უსკოდან უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილია უსკოს თავმჯდომარის სახელზე დაწერილი ორივე მათგანის თანხმობის შესაბამისი განცხადება, ასევე, ცნობები ნარკოლოგიური შემოწმებისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ.
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, საკითხის განხილვის შემდგომ მომზადებულ დასკვნას ბიუროს წარუდგენს და საბოლოოდ, საკითხი უმაღლესი საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომას გადაეცემა.