19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
„გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება“
By

„გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება“

 

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართეს ციხეში ნაცემი ბაჩიაშვილის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურაში გამოძიების დაწყების შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მათ.

„მიყენებული დაზიანებების შემდეგ, მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, შესაბამისად, ეტლით გადაადგილდება. სავარაუდოდ, მას ტვინის შერყევა აქვს, ვინაიდან მოტორიკა აქვს შენელებული, მათ შორის საუბრის დროს. ამას გარდა, მაგალითად, აღიზიანებს მკვეთრი შუქი, როგორც თავად განმარტა, აქვს თავის ტკივილები, ღებინების შეგრძნება. ეს ყველაფერი მას განუვითარდა გონების დაკარგვიდან ძალიან ხანმოკლე პერიოდში. მას არაერთი დაზიანების კვალი აღენიშნება, კერძოდ, სისხლჩაქცევების სახით. თავზე მას ჰქონდა სპეციალური სამედიცინო ბინტით გადახვევა გაკეთებული, მაგრამ როგორც გასაუბრებისას განმარტა, რამდენიმე ადგილზე ნაკერები აქვს. უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვეთ, რომ გამოძიება ჩაატაროს სწორედ პროკურატურამ, ვინაიდან, მოგეხსენებათ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღარ არსებობს, გაუქმებულია. ამ საქმეში, გიორგის განცხადებაში ფიგურირებს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი, ასევე, ერთ-ერთი თანამშრომელი. შესაბამისად, იმისთვის, რომ ობიექტურად გამოვლინდეს ყველა დეტალი, მიგვაჩნია, რომ ნეიტრალურმა საგამოძიებო სტრუქტურამ უნდა აწარმოოს ეს გამოძიება, ამ შემთხვევაში, ეს არის პროკურატურა“, – განაცხადა მახარაშვილმა.

 

  • No Comments
  • ივლისი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *