
მამუკა მდინარაძე: არანაირ მანიპულირებას აზრი არ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ აღნიშნული ერთადერთი „კოზირია“, რაც აქვთ დარჩენილი მათ, ვინც ამაზე ლაპარაკობს. მისივე განმარტებით, ოპოზიციას „შიდა არეულობა“ და „საქართველოს ხელისუფლების ცვლილება“ სურს.
„გახსოვთ, ალბათ, დამცინავი კამპანია – საპირისპირო ეროვნულისა, – იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისაც თავისი სამშობლოს მიმართ ცოტა სხვანაირად და გულწრფელად შესტკივა გული, რომ, აბა, ომი გინდათ?! ხომ გახსოვთ ეს კამპანია? დღეს ეს თითქოს დღის წესრიგში აღარ დგას, მაგრამ კარგად უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ თუკი ვინმეს, ვინც საქართველოში თავის ქვეყანაზე არ ფიქრობს და მათ გარე დამკვეთებს სჭირდებათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად და მაშველ რგოლად რამე, ეს არის ჩვენს ქვეყანაში იმ თემის გააქტიურება, რასაც ომში ჩართვა ჰქვია და გეტყვით, რატომ. გარშემო სიტუაციას ვხედავთ, სირიის, ირანის, უკრაინის თემებზე აღარ შევჩერდები, უბრალოდ, ვიტყვი, რომ გარშემო ჩვენი ქვეყანა არის ცეცხლის რკალში. საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. კულისებშიც რაც ხდებოდა მაშინ, დღეს აღარ ხდება, არავინ აღარ გვეუბნება, ომი დაიწყეთო, განსხვავებით რამდენიმე წლის წინა პერიოდისგან. მაგრამ იმაში არიან დარწმუნებულები, რომ რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ გვადგება ამ „გლობალურ ინტერესებში“, მაშველ რგოლად მოგვევლინოს საქართველო, იყოს ომის რიტორიკა და შემდეგ ომში ჩართვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ ხელისფლება გამოიცვლება და ხელისუფლებაში იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც თითის ერთ დატკაცუნებაზე იმას გააკეთებენ, რასაც ეტყვიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით „ოპოზიციის და მისი დამკვეთების ერთადერთი ბოლო გზა არის საქართველოს მოსახლეობის დაშანტაჟება, რომ მათ თავიანთივე ხელით თავიანთი ხელისუფლება გაისტუმრონ და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ომში ჩაერთვება, ეს არის მათი ბოლო გზა. ამასაც გადავიტანთ და ბოლოს ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენ გარეშე, ანუ ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების გარეშე, აქ არანაირ მანიპულირებას აზრი არ აქვს“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.