
ირაკლი ბოლქვაძე და გოჩა გუგუნავა ნინო ჩხეტიამ და არჩილ სამნიძემ ჩაანაცვლეს
აჭარის უმაღლესმა საბჭომ პარტია „გახარია -საქართველოსთვის“ წარმომადგენლების – ნინო ჩხეტიასა და არჩილ სამნიძის უფლებამოსილება ცნო. მათ საკანონმდებლო ორგანოში, ვადამდე გამოკლებული წევრები, თანაპარტიელი – ირაკლი ბოლქვაძე და გოჩა გუგუნავა ჩაანაცვლეს. კენჭისყრა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.
როგორც კენჭისყრამდე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა თურმანიძემ აღნიშნა, ირაკლი ბოლქვაძესა და გოჩა გუგუნავას, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, ვადამდე შეუწყდათ სადეპუტატო უფლებამოსილება. კანონმდებლობით განსაზღვრული შემდგომი პროცედურების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) მიმართა მათ ადგილმონაცვლეებს პარტიული სიის მომდევნო ნომრით – ნინო ჩხეტიასა და არჩილ სამნიძეს. უსკოდან უმაღლეს საბჭოში შემოვიდა უსკოს თავმჯდომარის სახელზე დაწერილი ორივე მათგანის თანხმობის განცხადება, ცნობები ნარკოლოგიური შემოწმებისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ, ასევე, უსკოს თავმჯდომარის განკარგულება და შესაბამისი დოკუმენტაცია.
სხდომაზე გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით განიხილეს და მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს.
უმაღლესი საბჭოს წევრების დავით გაბაიძისა და მამუკა თურმანიძის მიერ ინიცირებული პაკეტის მომზადება საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებითაა განპირობებული. ინიციატივა არაერთ ტექნიკურ ცვლილებას ითვალისწინებს, თუმცა, მათ შორის მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომლებიც ეხება უსკოს წევრთა შესარჩევი კონკურსის წესსა და კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ცვლილებების თანახმად, უსკოს წევრების შესარჩევ კონკურსს, ამიერიდან, აჭარის მთავრობის ნაცვლად, გამოაცხადებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მთელი პროცედურა წარიმართება საკანონმდებლო ორგანოში.
გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით, მაქსიმალურად განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დგინდება გარკვეული შეზღუდვები კონკურსში მონაწილეებისთვის. ცვლილების თანახმად, უსკოს წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ უპარტიო კანდიდატებს, რომლებსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ მიუღიათ მონაწილეობა საარჩევნო კომისიებში როგორც რომელიმე პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, კანდიდატებს, რომლებიც არ არიან რომელიმე პარტიის შემომწირველები და არ წარმოადგენდნენ საარჩევნო სუბიექტებს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა.
გალერეა

