
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი გვეუბნება, რომ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრიუსელის ერთი მოთხოვნა ეხება ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კანონს და ბრიუსელი ითხოვს ცრუ იდეოლოგიაზე დათანხმებას.
მისი თქმით, ბრიუსელი გვპირდება ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაწვას, თუ ამ მოთხოვნებს არ შევასრულებთ.
„მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რა მოთხოვნები იქნა წამოყენებული ბრიუსელის მხრიდან. ორი საკითხია, ერთი ეხება ოჯახური ღირებულებების და ბავშვთა უფლებების დაცვის კანონპროექტს. მთავარი საკითხი, რაც არის ამ კანონში, არის, რომ ქალი ვერ გახდება კაცი და კაცი ვერ გახდება ქალი. ანუ, ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ეს არის სინამდვილეში, რაც მოწოდებულია ამ კანონთან დაკავშირებით. ამას ეხება, რომ კაცი ვერ გახდება ქალი და ქალი ვერ გახდება კაცი. ეს ცრუ იდეოლოგია არის და არ უნდა ისწავლებოდეს, ამ იდეოლოგიით არ უნდა ხდებოდეს ტვინის გამორეცხვა ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში და ა.შ. ეს იგივეა, რაც ბრიუსელს მოეთხოვა, რომ გვეღიარებინა, გვეთქვა, დედამიწა ბრტყელია.
გვახსოვს ჩვენ პერიოდი, როდესაც ევროპაში ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, დედამიწა ბრტყელი არ არისო, კოცონზე წვავდნენ. აი, ზუსტად ამას მაგონებს ბრიუსელის დღევანდელი ქცევა, რომელიც ითხოვს, ვთქვათ, რომ დედამიწა მრგვალი კი არ არის, ბრტყელია. ან ეს კი არ ვთქვათ, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, არამედ ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი და თუ ამას არ ვიტყვით, გვპირდებიან, რომ ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწვავენ. ჯერ ეს უნდა შევაფასოთ, რათა გავიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.