
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებულები. დანაშაული 20-წალამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „კლეფედრონი“, „მდმა“ „მარიხუანა“, და 122 ძირი მცენარე „კანაფი“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე ტერცია, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.