19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
„მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს, ჩვენი რეგიონის ხელისუფლების პრიორიტეტია“
By

„მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს, ჩვენი რეგიონის ხელისუფლების პრიორიტეტია“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს, რამდენიმე საკითხზე მსჯელობის მიზნით შეიკრიბა.

„ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს, ჩვენი რეგიონის ხელისუფლების პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით ყოველწლიურად იზრდება დაფინანსებაც და პროგრამების ჩამონათვალიც, რაც მეტი ბენეფიციარის დახმარების საშუალებას იძლევა,“ – აღნიშნა უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბერიძემ.

სხდომაზე განიხილეს და მიიღეს საბჭოს დებულება, ასევე, აირჩიეს სხდომის მდივანი.

საორგანიზაციო საკითხების განხილვის შემდგომ, შეკრებილებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გააცნო და შეკრებილთა კითხვებს უპასუხა.

„ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემა ისე, რომ მომსახურება იყოს უფრო ხელმისაწვდომი, ეფექტური და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული. განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს გამახვილებული ძვირადღირებული და თანამედროვე სამედიცინო სერვისების დაფინანსებაზე, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ხარისხიანი და დროული მომსახურების მიღების შესაძლებლობა. სამინისტროს და საქვეუწყებო დაწესებულებების პროგრამები, ასევე, ორიენტირებულია პრევენციულ ღონისძიებებზე და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე, შესაბამისად, აქტიურად ვახორციელებთ პროგრამულ ცვლილებებს“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით რეკომენდაციების შესამუშავებლად, პერიოდულად კვლავ შეიკრიბება.

  • No Comments
  • ივლისი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *