
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
20-დან 26 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე ევროპის მე-18 ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალში სპორტის 15 სახეობაში 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს და ისინი მედლებისათვის 15 ოლიმპიურ სახეობაში იასპარეზებენ. საქართველო 36 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ჩვენი ოლიმპიელები ცხრა ოლიმპიურ სახეობაში გამოვლენ – ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ უკვე ორჯერ უმასპინძლა ახალგაზრდულ ფესტივალს – 2015 წელს ზაფხულის, ხოლო წელს ზამთრის ოლიმპიურ სახეობებს – ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში. ოლიმპიური ფესტივალი ამ ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენებისთვის ყველაზე მაღალი რანგის ღონისძიებაა, სადაც ახალგაზრდებმა თავი უნდა გამოიჩინონ და დიდი სპორტისკენ პირველი სერიოზული ნაბიჯები გადადგან.
მნიშვნელოვანი შემადგენლობით გამოდიან საქართველოს სპორტსმენები. წინა ფესტივალებში წარმატებით გამოვიდნენ ძიუდოს წარმომადგენლები და მათგან კვლავაც კარგ შედეგს ელოდებიან. ფიცის დადების ღონისძიება გაიმართა დღეს. ოლიმპიელთა სახელით აჭარის წარმომადგენელმა ნიკა ღოღობერიძემ დადო ფიცი.
დღესვე დასახელდა ორი სპორტსმენი, ვინც აღლუმზე საქართველოს მედროშე იქნება – ლიზი აღნიაშვილი (ტყვიის სროლა) და გიორგი მუმლაძე (ძიუდო).
აჭარიდან ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ხუთი სპორტსმენი იასპარეზებს – მარიამ გორგაძე (მაგიდის ჩოგბურთი), ნიკა ღოღობერიძე (ტაეკვონდო), ვიოლა ცეცხლაძე (ტაეკვონდო), მათე მეჯიდოვი (მძლეოსნობა), საბა ბოლქვაძე (ძიუდო).
წარმატება ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს.