
ბათუმის პორტის ტერიტორიაზე 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.პ. დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმის პორტის ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა საქართველოში ბათუმის პორტის გავლით შემოსული ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის წევრის, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ე.პ. – ს პირადი და ნივთების შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 861 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება.
დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა- შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.