საბა ბოლქვაძის ოლიმპიური ბრინჯაო
By

საბა ბოლქვაძის ოლიმპიური ბრინჯაო

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 20 ივლისს გაიხსნა და 26 ივლისს დასრულდება ევროპის ზაფხულის მე-18 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც სპორტის 15 სახეობაში კონტინენტის 49 ქვეყნის 3 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

საქართველოდან 36 სპორტსმენი სპორტის ცხრა სახეობაში ასპარეზობს (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში). მათ შორის, აჭარიდან ხუთი: მარიამ გორგაძე (მაგიდის ჩოგბურთი), საბა ბოლქვაძე (ძიუდო), ვიოლა ცეცხლაძე (ტაეკვონდო), მათე მეჯიდოვი (მძლეოსნობა, სამმაგი ხტომა), ნიკა ღოღობერიძე (ტაეკვონდო, 73 კილოგრამი წონითი კატეგორია).

გუშინ აჭარის ნაკრების წევრმა ძიუდოში საბა ბოლქვაძემ (50 კილოგრამი წონითი კატეგორია) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბრიტანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

როგორც მისმა პირადმა მწვრთნელმა ვახტანგ ზოიძემ გვითხრა, საბა მასთან ხუთი წლიდან ვარჯიშობს. ის ძალიან შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ყოველმხრივ მოწესრიგებული ახალგაზრდაა. არის საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი უმცროსი ასაკის ჭაბუკებში, ჭიდაობა სამბოში საქართველოს ჩემპიონიც გახდა და მსოფლიო ჩემპიონატის უმცროსი ასაკის ჭაბუკებში მესამე ადგილიც აიღო, აქვს სხვა წარმატებებიც.

– საბამ წელს ძალიან გაგვახარა, მან ამ ბრინჯაოთი (თავის ასაკში) ახალი ისტორია დაწერა. საბას მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი სპორტსმენია, მაგრამ მან შეძლო მისი დამარცხება, – გვითხრა საბას პირადმა მწვრთნელმა.

ვულოცავთ საბა ბოლქვაძესა და მის მწვრთნელს ვახტანგ ზოიძეს მიღწეულ შედეგს და ახალ წარმატებებს ვუსურვებთ.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ივლისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *