
„ლიტერატურა იალაღებზე“ – მთებზე მარგალიტებად მიმობნეული ქართული ლექსი და სიტყვა
საუკუნეებს ითვლის ადათ-წესი, რომელიც მომთაბარეობის სახელითაა ცნობილი. ზაფხულის ცხელ დღეებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ბარს განერიდება პირუტყვს მთაში მიერეკება. მათი შრომის დაფასების ნიშნად დაწესდა სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“, რომელსაც წლებთან ერთად, სხვა დღესასწაულებიც ემატებოდა. მათ შორისაა მწერალ ვახტანგ გოგრაჭაძისა და პოეტ ნანა შაინიძის ინიციატივით დაწყებული, ახალ-ახალი შენაძენით გამდიდრებული პროექტი „ლიტერატურა იალაღებზე“, რომელიც უკვე ფესტივალად მოინათლა. ღონისძიება, ცოტა არ იყოს, მოკრძალებულად გაიმართა. წელს კი მესხეთის, აჭარა-გურიის, აჭარა-შავშეთის ქედების კალთებზე არსებული იალაღები (თეთრობი, თაგინური, ნაკონაღარი) მოიცვა. მონაწილეთა რაოდენობა იმის დასტურია, რომ გაისად ფესტივალი კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება და მთებში მყოფნიც აქტიურად ჩაერთვებიან მასში.
– ამ ლამაზ მთებში პირველად ვარ. გაოცებას ვერ ვმალავ – შრომის კულტურა, საქმისადმი ერთგულება, სტუმრის პატივისცემა აქ გამორჩეულია. გამორიცხული არაა, რომ მთაში მყოფ ადამიანებს ბევრი რამ აკლიათ მაგრამ წესრიგშია მთებში მისასვლელი საავტომობილო გზები, მიეწოდებათ დენიც. არ დამავიწყდება პატარების დამოკიდებულება, რომლებიც სიამოვნებით უსმენდნენ ჩვენს წაკითხულ ლექსებს და ოვაციებსაც არ გვაკლებდნენ, – გვითხრა ჭიათურელმა პოეტმა აკაკი გაბრიჭიძემ, როცა მთა თეთრობიდან ვბრუნდებოდით.
თეთრობის მთაში აკაკი მარტო არ იყო. მასთან ერთად მთაში მყოფი ხულოს, შუახევის სოფლების მცხოვრებლები პოეტებს, მსახიობებს, მომღერალ-მოცეკვავეებს შეხვდნენ, მათ შორის პოეტებს როინ აბუსელიძეს, პაატა აბაშიძეს, თემურ ელიავას, გულიკო გაბაიძეს, რამაზ ხმალაძეს, მსახიობ მაკა შალიკაშვილს, შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ „ჭვანას“ წევრებს, ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ზე-კართან“ სოლისტებს თამრიკო დავითაძეს, ირაკლი გოგიტიძეს, მომღერლებს დავით ანანიძეს, გიორგი ნაკაშიძეს.
– ,,ლიტერატურა იალაღებზე“ შინაარსიანი წამოწყებაა, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ავთანდილ მახარაძემ, – რამდენიმე ავტორს პირადად გავეცანი და მათგან სამახსოვროდ წიგნებიც მივიღე. ბავშვობის წლები გამახსენდა, როცა ბიბლიოთეკარები ანსამბლებთან ერთად მთებში ამოდიოდნენ. წარმატებას ვუსურვებ ფესტივალის ორგანიზატორებს.
შუახევიდან თაგინურამდე ჩვენი მეგზურობა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ ზოიძემ ითავა. ჩვენთან ერთად ღონისძიებაზე დასასწრებად მიიჩქაროდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები მურად ქათამაძე და მალხაზ ტაკიძე. ის წლები მახსენდება, როცა ხაბელაშვილები-ჯვარიმინდორი-თაგინურის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაც რომ ჭირდა გადაადგილება. ახლა გზა მოწესრიგებულია, ხაბელაშვილები-ჯვარიმინდორის მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგებაცაა დაწყებულია. იმ დღესაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის წარმომადგენლობის 5 ერთეული ტექნიკა მუშაობდა გზის რეკონსტრუქცია-მოშანდაკებაზე.
თაგინურს რომ ვეწვიეთ, ფესტივალის „ლიტერატურა იალაღებზე“ ორგანიზატორებს სცენის მომზადების სამუშაოები დაესრულებინათ და „ჭვანას“, „ზე-კართან“, „ხიხანის“ წევრები რეპეტიციას გადიოდნენ. თეთრობზე მყოფთ თაგინურზე შეუერთდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე, პოეტები ბელა ქებურია, ვახტანგ ღლონტი, აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი ლალი კონცელიძე, პოეტი ლეილა ლემსაძე, ა(ა)იპ „მწიგნობარის“ დირექტორი მანანა წულუკიძე.
ღონისძიების დაწყებამდე მსახიობ მაკა შალიკაშვილს გავესაუბრეთ.
– დღეს აქ ვარ წარმოდგენილი როგორც მკითხველი, დეკლამატორი. მადლობა მსურს გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს ამ კარგი წამოწყებისთვის. იგი გვახსენებს, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ მთას, სოფელს. პირველად ვარ ამ მთაში, ეს მართლაც საოცრებაა,- გვითხრა მსახიობმა.
ღონისძიების დასაწყისში საინტერესო დადგმა შესთავაზეს დამსწრეებს ვახტანგ გოგრაჭაძემ და ნანა შანიძემ, შემდეგ კი სცენა რიგრიგობით დაეთმოთ პოეტებს დავით თედორაძეს, ვახტანგ ღლონტს, ბელა ქებურიას, ლალი კონცელიძეს, როინ აბუსელიძეს, თემურ ელიავას, პაატა აბაშიძეს, გულიკო გაბაიძეს, რომელიც ანსამბლ „ჭვანას“ ცეკვა-სიმღერაშიც ჩაერთო, მან საკუთარი ხელით შეკრებილი ყაბალახები გადასცა როინ აბუსელიძეს, აკაკი გაბრიჭიძეს, რამაზ ხმალაძეს, მაკა შალიკაშვილს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერ ომარ ტაკიძეს, პროფესორ შორენა მახაჭაძეს, პუბლიცისტ ოთარ ცინარიძეს. თაგინურელების წინაშე წარსდგნენ ანსამბლების „ჭვანას“, „ზე-კართან“ წევრები, ხულოს რაიონის ხიხაძირის სასოფლო კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „ხიხანის“ მოცეკვავეები.
ორგანიზატორებმა ფესტივალის მხარდამჭერებსა და სტუმრებს მადლობის ბარათები გადასცეს.
– დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, თაგინურზე ამოსვლა მაინც შევძელი და კმაყოფილიც დავრჩი. ფესტივალის ორგანიზატორებმა შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს და ყველა ჩანაფიქრი რეალობად აქციეს. გაისად მეტის მოლოდინში ვართ. ამგვარ სიახლეებს შუახევის თვითმმართველობა ყოველთვის დაუჭერს მხარს, – გვითხრა ომარ ტაკიძემ. ფესტივალის დაგვირგვინება იყო ლიტერატურული პერფორმანსი „კოცონი, ლექსი, ღვინო“. კოცონთან პოეტები ლექსებს კითხულობდნენ და ღვინით სავსე ფიალებით სამშობლოს, მთას, ერს, ქართულ სიტყვას, ჩვენს იდენტობას ლოცავდნენ.
დამსწრეთა რაოდენობა არც აჭარა-შავშეთის ქედზე, მთა ნაკონაღვარზე გამართულ ღონისძიებას აკლდა. თეთრობის მთაში მყოფი ჯგუფის წევრები, ამჯერად ქედის რაიონის მერისის ხეობის სოფელ მეძიბნის მკვიდრებს მიესალმნენ. მათ წინაშე წარსდგა ასევე, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა“.
– 22 ივლისიდან დაწყებული, 4 დღის განმავლობაში მთებიდან მთებზე გადავდიოდით. მრავალ ადამიანს შევხდით, ცხოვრება გავუხალისეთ. ყველამ მოიწონა გამართული ღონისძიებები. პროექტი უკვე ფესტივალად ჩამოყალიბდა, რაც ორგანიზატორებს მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. რომ არა აჭარის კულტურის სამინისტროს, ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტების მერების მხარდაჭერა, ეს ღონისძიება ვერ შედგებოდა. მსურს თქვენი გაზეთით ყველას მადლობა გადავუხადო, – გვითხრა ვახტანგ გოგრაჭაძემ. პროექტმა „ლიტერატურა იალაღებზე“, რომლის მიზანია იალაღების პოპულარიზაცია, ადგილობრივი თვითმყოფადობის წარმოჩენა, შენარჩუნება და განვითარება, მწერლებისა და პოეტების, სახალხო მთქმელების გაერთიანება, მთაში კულტურის გაძლიერება, ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა, თავისი მისია შეასრულა და გაისად, როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, უფრო მრავალფეროვანი სახით დაგვიბრუნდება.
ოთარ ცინარიძე
გალერეა


