
ანდრეი სიბიგა: პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად მომთმენი იყო
პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად მომთმენი იყო, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრე სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ აცხადებს.
„კიევში საშინელი დილა გათენდა. რუსეთის სასტიკმა დარტყმებმა საცხოვრებელი შენობები დაანგრია, სკოლები და საავადმყოფოები დააზიანა. ნანგრევების ქვეშ ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში. მისი თქმით, „პუტინი ასე განზრახ მოქმედებს და მას მკვლელობების დასრულება არ აინტერესებს“.
„ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა. პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად გულუხვი და მომთმენი იყო, როცა გამოსავლის პოვნას ცდილობდა. დროა, მოსკოვზე მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინოთ“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, რუსების მიერ კიევზე დარტყმის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.