„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა
By

„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გუშინ ოფიციალურად წარუდგინა. მოქმედი მერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აღნიშნულ თანამდებობაზე მესამედ იყრის კენჭს.
ღონისძიებას, რომელიც მთაწმინდის პარკში გაიმართა, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
„დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო რვა წელია თბილისის თითოეული რაიონის, თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, ბედნიერია იმ ცვლილებებით, რამაც თბილისი აქცია თანამედროვე ქალაქად, იცის, რა პრობლემები აწუხებს თბილისელებს და გულწრფელად სჯერა, რომ თბილისი ამოუწურავი შესაძლებლობების ქალაქია. მე კარგად მესმის, რომ თბილისი არ არის უბრალოდ ქალაქი – ის ჩვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების, ქართული სულის გამოძახილია. მის უძველეს ქუჩებში საქართველოს ისტორია სუნთქავს. ეს ქალაქი საუკუნეებია დგას, როგორც გზაჯვარედინი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური კულტურის გადაკვეთის სივრცე, თუმცა ამ მრავალფეროვნებაში მას არ დაუკარგავს თავისი სული, არ დაუკარგავს ეროვნული ღირებულებები. ერთდროულად ქართული იდენტობა და მრავალმხრივი მრავალფეროვნება განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის უნიკალურობას.
დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით: თბილისი – როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი. ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს.
თბილისი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა – არა მხოლოდ მის აწმყოსა და მომავალზე, არამედ მის წარსულზეც. თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება ნიშნავს ქალაქის სულის გადარჩენას. ვაცნობიერებ, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ისტორიით სავსე ამ უძველესი ქალაქის მერი. თბილისი შესაძლებლობების ქალაქია! დიახ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სიძველის მიუხედავად, დღეს თბილისი საოცრად თანამედროვე ქალაქია, თავისი პარკებით, სკვერებით, კულტურული სივრცეებით, სპორტული მოედნებით, მოდერნიზებული ქუჩებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ თბილისი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, უნდა განვითარდეს სწორად, თანმიმდევრულად, სწორი და ზუსტი ხედვითა და გეგმით“, – განაცხადა კახა კალაძემ წარდგენისას.

 

  • No Comments
  • აგვისტო 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *