მამუკა მდინარაძე: მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს
By

მამუკა მდინარაძე: მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს

ოპოზიცია ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა დაამხონ. მსგავსი განცხადება რამდენიმე დღის წინ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა და განაცხადა, რომ „4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს და ოპოზიციამ საერთოდ არ იცის დამხობის მნიშვნელობა.
„მართლა მიკვირს ერთი რამ, ჯერ ერთი, რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე. „მშვიდობიანი მკვლელობა“ – შეიძლება ასე ვილაპარაკოთ? სიტყვა დამხობა თავისი არსით შეიცავს ისეთ შინაარსს, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. ანუ, თუ დამხობას ამბობს, იმისი თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს, და თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი, თუ ვერ ამბობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს. „ადამიანების მშვიდობიანი დახოცვა“ – შეიძლება ასეთი რამ ილაპარაკო? ასეთ სისულელეს ამბობენ. ვითომ აზღვევენ, რადგან დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და მშვიდობიანის კონტექსტს თუ შექმნიან, ამით დაიზღვევენ თავს. არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როცა ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს“, – განაცხადა მდინარაძემ.

  • No Comments
  • აგვისტო 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *