
ირაკლი კობახიძე: კახა კალაძე არის გუნდის უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი მმართველი გუნდისთვის უალტერნატივო და შეუცვლელი წევრია.
კობახიძის თქმით, კახა კალაძე არის ერთადერთი, ვინც უწყვეტად, ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს.
„14 წელია, კახა კალაძე არის უმაღლეს პოზიციებზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში და ხელისუფლებაში. ის არის, პრაქტიკულად, ერთადერთი, ვინც უწყვეტად, ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს. კახა კალაძემ თავისი 14-წლიანი საქმიანობით დაამტკიცა, რომ იგი არის გუნდის, პრაქტიკულად, უალტერნატივო და შეუცვლელი წევრი. ეს არის მისი საქმიანობის შედეგი. აქედან გამომდინარე, თეორიულადაც კი არ განიხილებოდა არცერთი სხვა ვერსია. როგორც კი ჩვენ მივიღეთ დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე თავად იყო მზად, მესამედ ეყარა კენჭი მერობის კანდიდატად, ბუნებრივია, ყველას გაგვიხარდა“, – განაცხადა პრემიერმა.