
გიორგი ვაშაძე: ძალა ერთობაშია და არა დაქსაქსულობაში
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კვლავ ოპოზიციას შორის ერთიან სამოქმედო გეგმაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს გადაწყვეტილებების მიღების წესზე.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ძალა მხოლოდ ერთობაშია და არა დაქსაქსულობაში.
„4 ოქტომბრის ირგვლივ ატეხილი ამბავი აჩვენებს, რომ სანამ გადაწყვეტილებების მიღების წესზე არ შევთანხმდებით, მანამდე სულ ამ საგიჟეთში ვიქნებით. 8-პუნქტიან გეგმაში სწორედ ეს დავწერეთ, ერთიანობის ურღვევობისთვის უნდა შევთანხმდეთ გადაწყვეტილებების მიღების წესზე. მხოლოდ ერთიანი მიზანი საკმარისი არ არის, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა, სწორედ ეს არის 8-პუნქტიანი გამარჯვების გეგმაც. მთავარ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, როგორ ვაღწევთ კომპრომისს განსხვავებული პოზიციების დროს? „თუ არ მეთანხმები, მაშინ მტერი ხარ“ – არის მცდარი მიდგომა. რვა პუნქტში არის გადაწყვეტილებების მიღების ორი მექანიზმი – პარიტეტული საბჭო უმრავლესობით და შემდეგ ეტაპზე ზურას ინიცირებული ბაზა, სადაც მოხდება ხალხის პირდაპირი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში. ვინც ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით ამ მიდგომას, გთხოვთ, დააფიქსიროთ პოზიცია, მზად ვარ მოვისმინო ყველას აზრი. ძალა ერთობაშია და არა დაქსაქსულობაში“, – აღნიშნულია გიორგი ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის: გიორგი ვაშაძემ რამდენიმე დღის წინ ციხიდან 8-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა გამოაგზავნა, რომლის მთავარი იდეაა ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება და კოორდინირებული პროტესტის ორგანიზება.