პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა სექტემბერში გასაჯაროვდება
By

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა სექტემბერში გასაჯაროვდება

ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა დასკვნით სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხვალ კომისიის უფლებამოსილების ვადა იწურება და ეს დასკვნა გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელ ორგანოში.
„საზოგადოებას ალბათ ძალიან აინტერესებს პროცედურული საკითხი. კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ, დღეს კენჭისყრაზე დავაყენებთ ამ დასკვნის პროექტს, მაგრამ დასკვნა დღეს არ საჯაროვდება.
პროცედურა არის შემდეგი. ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება ხვალ, 5 აგვისტოს, ექვსი თვის თავზე. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ექვსი თვე ჩვენი კომისიის გამოგონილი არ არის. დარღვევების მასშტაბი, ძალიან დიდი დანაშაულების მასშტაბი იმხელაა, რომ ბუნებრივად შეიძლება, იფიქრო, რომ ექვსი თვე რატომ არის საკმარისი, რათა ეს თემა ამოწურო, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. კანონი გვავალდებულებს, რომ ექვს თვეში დავასრულოთ მუშაობა. ამიტომ, ხვალ ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება და ეს დასკვნა გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელ ორგანოში, რომელიც არის პარლამენტის ბიურო. ბიურო ჩანიშნავს პლენარულ სხდომას, რომელზეც ჩვენ, კომისია ამ დასკვნით წარვდგებით. ეს, ჩვენი ვარაუდით, იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში. სწორედ მაშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნა გასაჯაროვდება. უფრო მეტიც, იქნება ამ დასკვნის პუნქტობრივი განხილვა, ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა ეს დასკვნა უნდა მოისმინოს. ვიდრე არ მოისმენს ამ დასკვნას, ბუნებრივია, ჩვენ მათ გარეშე ვერ გავმართავთ მესამე პირებთან მასზე მსჯელობას. ასეთია წესი. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ დასამტკიცებლად, აზრების გაცვლა-გამოცვლისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *