
დონალდ ტუსკი საქართველოს და სომხეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს
პოლონური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე დონალდ ტუსკზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლონეთი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ დააანონსა, რაც გასულ კვირას, რუსეთის დავალებით, დივერსიული აქტების მოწყობის ბრალდებით 32 ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, შეზღუდვების დაწესება საქართველოს, სომხეთის, ვენესუელისა და კოლუმბიის მოქალაქეებისთვის განიხილება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეები აშკარა მიზეზების გამო, რუსული სადაზვერვო სამსახურების მიერ რეკრუტირებისგან განსაკუთრებით დაუცველები არიან”.
„როცა საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება, ჩვენ პრობლემა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს. ვიცი, რომ ეს ქართველების ეროვნული მახასიათებელი არ არის, ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ დღეს გარკვეული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ. რამდენიმე მათგანის დეპორტაცია უკვე განვახორციელეთ. ყველას, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ან დააკავებენ ან მათი დეპორტაცია მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.