
გურამ თამაზაშვილის სახელობის ფესტივალის დასკვნითი საღამო
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ქალაქური სიმღერის ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. იგი წელს მეხუთედ ტარდება და მისი მიზანი ქალაქური ჟანრის მუსიკის მხარდაჭერა, რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაციაა.
დასკვნით საღამოზე ქალაქური სიმღერების ტრადიციული და თანამედროვე ვარიაციები სხვადასხვა თაობის სოლო მომღერლებმა და მუსიკალურმა ანსამბლებმა შეასრულეს. წლევანდელ ფესტივალზე აქცენტი სალონურ საღამოებზე, ქართული სუფრის ტრადიციების მნიშვნელობაზე, რეგიონისთვის დამახასიათებელ გასტრონომიასა და კულტურული ღირებულებების წარმოჩენაზე გაკეთდა. გალა კონცერტი, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, გაჯერებული იყო უცნობი ისტორიებით.
გურამ თამაზაშვილი იყო ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი და ანსამბლ „ალილოს“ დამაარსებელი. მის სახელთანაა დაკავშირებული ქალაქური ჟანრის სიმღერების პოპულარიზაცია და განვითარება. იგი არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი.
გალა კონცერტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ქალაქური სიმღერების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ:
– გურამ თამაზაშვილი არის მუსიკოსი, რომელმაც დიდი კვალი დატოვა ქართულ მუსიკალურ სამყაროში. განავითარა ქალაქური სიმღერის ჟანრი. არის მუსიკალურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და მინდა მის ხსოვნას კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი, – აღნიშნა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.
– მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, გავძღოლოდი ამ არაჩვეულებრივი კაცის საღამოს. მგონია, რომ კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი გურამ თამაზაშვილს იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც ის აკეთებდა მთელი თავისი ცხოვრება, – გვითხრა ნიკოლოზ წულუკიძემ.
გალერეა


