
გურამ მაჭარაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების შიგნით დაპირისპირება ხელის გულზე ჩანს
რუსთაველის გამზირზე 6 აგვისტოს მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში კეთდება კომენტარები. „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების შიგნით დიდი ხანია დაპირისპირება მიდის. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები უკვე დაყოფილები არიან იმ დონეზე, რომ წინასაარჩევნოდ საერთო განცხადების გაკეთებაც კი უჭირთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების შიგნით დიდი ხანია დაპირისპირება მიდის, რაც ზოგჯერ ჩანდა, ზოგჯერ არ ჩანდა, ახლა უკვე, თითქმის 100 პროცენტით ხელის გულზე ჩანს. დაპირისპირება ხდება იმიტომ, რომ ეს ხალხი ემსახურება უცხოურ ძალებს და ის უცხოური ძალები „ნაცმოძრაობის“ ფილიალებს ყოფენ – ზოგს აღებინებენ მონაწილეობას არჩევნებში,ზოგს არ აღებინებენ. შიგნით კი ხდება სუბიექტური დაპირისპირება. გეგელია არ იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ასეთი დაპირისპირება მოხდა და მომავალშიც მოხდება. გამომდინარე იქიდან, რომ „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა ყველგან წააგეს – პარლამენტში, საკრებულოებში, ქუჩაში, უცხოეთში და, რაც ყველაზე მთავარია, თავიანთ ამომრჩევლებშიც კი, გაურკვევლობა არის. „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები უკვე დაყოფილები არიან იმ დონეზე, რომ საერთო განცხადების გაკეთებაც კი უჭირთ წინასაარჩევნოდ. ეს არის ზუსტად იმის დასტური, როცა უცხოურ ძალებში ჩაეწერები და შენი ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესების გამტარებელი ძალების პარტიის წევრი გახდები, რა თქმა უნდა, იქნება ეს დაპირისპირება, რაც ხდება ახლა „ნაცმოძრაობაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.