ვაჟა თურმანიძე
By

ვაჟა თურმანიძე

ქვეყნისა და შუახეველი პედაგოგების რიგებს კიდევ ერთი ღირსეული წევრი გამოაკლდა. გარდაიცვალა გოგაძეების საშუალო სკოლის ყოფილი დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელი ვაჟა ოსმანის ძე თურმანიძე. წინა საუკუნის 30-იანელებმა წარუშლელი კვალი დატოვეს შუახევის რაიონის ისტორიაში. ვაჟაც თურმანიძე მათ რიგებში იყო. იგი 1936 წელს დაიბადა. 6 თვის იყო, როცა მამა – ოსმან თურმანიძე ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს. ობლად დარჩენილი 3 შვილი დედამ ხატიჯე ვახტანგიძემ მარტოკამ გაზარდა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დიდი ჯაფისა და წვალების ფასად მურმანისა და ვაჟას მიზნების მიღწევაში დაეხმარა – კვალიფიციური განათლება მიაღებინა.
ბატონი ვაჟა წარჩინებული მოსწავლე იყო. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შრომით საქმიანობაში ჩაერთო, არმიის რიგებში მსახურობდა, მიღებული ჰქონდა სამხედრო წოდება. 1961 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილების სტუდენტი გახდა. მაშინ აჭარის მთიანეთის სკოლებში ადგილობრივი პედაგოგიური კადრების დიდი ნაკლებობა იყო. დაუსწრებელი კურსის სტუდენტს ლომანაურის 8-წლიანი სკოლის მათემატიკის მასწავლებლობა ანდეს. მომდევნო წლებში, სპეციალობის შესაბამისად, საქმიანობდა სხეფის 8-წლიან და დარჩიძეების საშუალო სკოლებში.
1966 წელს მშობლიური სოფლის სკოლაში დაიწყო მუშაობა. ეს ის დრო იყო, როცა გოგაძეების სკოლაში მუშაობდნენ სახელოვანი პედაგოგები: აიშე შავაძე, ვერა ვადაქარია, თამარ კახიძე, მუხამედ ბათაძე, მიხეილ, მურმან თურმანიძეები, ახმედ ბერიძე, შოთა ჯიბლაძე და ვაჟა ვახტანგიძე.  ბატონი ვაჟა 53 წლის განმავლობაში მათ გვერდით იყო, მრავალი ქალიშვილი და ჭაბუკი აზიარა განათლებას.
1969-1987 წლებში იყო გოგაძეების საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე კლასგარეშე მუშაობის დარგში, მომდევნო 20 წლის განმავლობაში – ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში. მისი საქმიანობის გვირგვინი იყო გოგაძეების საშუალო სკოლის დირექტორობა. ამ თანამდებობაზე 3 წელი დაჰყო. ამაყობდა, რომ მისი მოსწავლეები იყვნენ ცნობილი მწერლები, პოეტები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ეროვნული მეურნეობის თითქმის ყველა დარგის სპეციალისტები.
მრავალწლიანი მუშაობა დაუფასეს კიდეც. მიღებული ჰქონდა სამთავრობო ჯილდოები, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება, არჩეული იყო „საპატიო შუახეველად“.
2019 წლიდან პედაგოგიურ ჯილდოზე გავიდა. იგი მშობლიური სოფლის, სათაყვანებელი საქართველოს მომავალზე ზრუნვით ცხოვრობდა. ყოველთვის დამრიგებლად, საღად მოაზროვნე, ჭკუასაკითხავ კაცად მიიჩნევდნენ. მეუღლე ციალა კონცელიძესთან ერთად 4 ვაჟი და ერთი ქალიშვილი აღუზარდა ქვეყანას. მოესწრო 30-ზე მეტ შვილიშვილსა და შვილთაშვილს, რომლებიც კეთილსინდისიერი შრომითა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობით გამოირჩევიან.
ჩვენგან წავიდა ადამიანი, რომელმაც მრავალწლიანი მუშაობით საუკეთესო მასწავლებლის, კოლეგის, მშობლის, მეგობრისა და მეზობლის სახელი დატოვა. მისი საქმე და სახელი დაუვიწყარ მოგონებად შემორჩება ჩვენს მეხსიერებას.
ნათელი და სანთელი მის ხსოვნას!
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია;
შუახევის რესურსცენტრი;
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის შუახევის რაიონული საბჭო;
გოგაძეების საჯარო სკოლა

 

  • No Comments
  • აგვისტო 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *