ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მუზეუმი გაიხსნა
By

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მუზეუმი გაიხსნა

ბათუმს საქართველოს „კარიბჭეს“ უწოდებენ. ქალაქს და ნავსადგურს საერთო ისტორია აქვთ, რომელიც საუკუნეებს ითვლის. მათი ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ამ მდიდარი წარსულის პატივსაცემად, ბათუმის საზღაო ნავსადგურში ახალი მუზეუმი გაიხსნა. იგი საზოგადოებას უამრავ საინტერესო ცნობასა და უნიკალურ ექსპონატს აცნობს, რომელიც ნავსადგურის განვითარების ისტორიას ინახავს. „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კორპორატიული მუზეუმი იდენტობისა და მეხსიერების ინვესტიციაა. ჩვენ ვიცავთ პორტის ისტორიულ მემკვიდრეობას, როგორც საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის საზღვაო კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს. ეს არ არის მხოლოდ ექსპოზიცია, ეს არის სივრცე, სადაც წარსული და მომავალი ხვდება ერთმანეთს, სადაც თანამშრომლები, პარტნიორები და სტუმრები გრძნობენ ჩვენი ისტორიის ძალას და ჩვენს ღირებულებებს“, – ამბობს ბათუმის ნავსადგურის გენერალური დირექტორი ულან ტლეუგალი, რომელიც მუზეუმის გახსნის დეტალებზე, ასევე, ბათუმის პორტის წარსულსა და დღევანდელობაზე   გვესაუბრა.

ბატონო ულან, როდის გაჩნდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მუზეუმის შექმნის იდეა?

– იდეა 2024 წელს გაჩნდა გუნდში, თანამშრომლებისა და ვეტერანების ინიციატივით. გვინდოდა წარმოგვეჩინა და მომავალი თაობებისთვის გადაგვეცა ის ღირებულებები და მოვლენები, რომლებმაც ბათუმი აქცია იმად, რაც დღეს არის. მუზეუმის შექმნის მთავარი მიზანია, გახდეს ბათუმი ისტორიული მეხსიერების საცავი. ეს სივრცე შემოინახავს არა მხოლოდ ქალაქის მდიდარ ისტორიას, არამედ წარმოაჩენს საერთაშორისო ნავსადგურის, როგორც სამრეწველო, კულტურული და ტურისტული ცენტრის უმნიშვნელოვანეს როლს. ექსპოზიცია გადმოსცემს ამბავს, თუ როგორ ვითარდებოდა ნავსადგური და როგორ იქცა ის ბათუმის გულად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თითოეულ თანამშრომელს, რომელთა თავდაუზოგავმა შრომამ შექმნა ეს ისტორია. მათი როლი და საქმიანობა დეტალურად არის ასახული, რათა საზოგადოებას დავანახოთ, თუ რა ძალისხმევა დგას ნავსადგურის წარმატების უკან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მუზეუმი არის ჩვენი წარსულის პატივისცემა და მომავლისთვის დატოვებული მემკვიდრეობა.

სად მდებარეობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მუზეუმი?
მუზეუმი განთავსებულია ბათუმის ნავსადგურის ადმინისტრაციული შენობის მერვე სართულზე, ბაქოს ქუჩა N15-ში. აღნიშნულ ეტაპზე იგი ასრულებს კორპორაციულ ფუნქციას, სადაც იმართება ღონისძიებები, შეხვედრები დელეგაციებსა თუ ოფიციალურ პირებთან. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, მუზეუმი განვავითაროთ როგორც არაფორმალური გაკვეთილების სივრცე და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ვიმედოვნებთ, რომ მუზეუმი ახალგაზრდების, სტუდენტების, ტურისტებისა და ქალაქის მცხოვრებლებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცევა. მან უნდა გააძლიეროს თაობებს შორის კავშირი და პატივისცემა პორტის მუშაკის პროფესიის მიმართ.
რა ექსპონატებია წარმოდგენილი?
მუზეუმში წარმოდგენილია უნიკალური ფოტოექსპოზიცია, რომელიც ქალაქის განვითარების ეტაპებსა და ნავსადგურის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. გასაოცარია ქალაქის მინიატურული მოდელი, რომელიც ბათუმელმა ხელოვანებმა გურამ გუჯაბიძემ და ზურა კოჩალიძემ შექმნეს. მისი დეტალური სიზუსტე თითოეულ აღდგენილ კადრს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ნავსადგურის ფუნქციონირების რთულ მექანიზმებს თვალსაჩინოს ხდის. ექსპოზიციას ამშვენებს ამწეებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის მაკეტები, რომლებიც ხაზს უსვამს პორტის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის როლს ეკონომიკაში. მაკეტების საშუალებით ნათლად ჩანს, როგორ მუშაობდა ნავსადგური სხვადასხვა ეპოქაში, რაც მის ურბანულ და ეკონომიკურ კონტექსტს მკაფიოდ წარმოაჩენს. ჩვენ ვაჩვენებთ გზას პირველი ნავმისადგომებიდან თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის შექმნამდე. იქიდან გამომდინარე, რომ ექსპოზიცია ახალი გახსნილია, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ექსპონატების შესავსებად. ამ პროცესში ჩართულია ნავსადგურის გუნდი, რომლის მიზანია კოლექციის საინტერესო ახალი ექსპონატებით გამდიდრება. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით, მივმართავ ნავსადგურის ვეტერან თანამშრომლებს და ყველას, ვისაც პორტის ისტორიასთან აკავშრებს ღირებული მოგონებები: მუზეუმის ადმინისტრაცია მზად არის ითანამშრომლოს თქვენთან. ერთად შევქმნათ ჩვენი საერთო ისტორია!


ცნობილი პიროვნებები, გემები და მოვლენები, რომლებიც უკავშირდება პორტის ისტორიას?
პორტმა მიიღო მრავალი ქვეყნის მნიშვნელოვანი გემი – ტანკერი, მოკავშირეთა სამხედრო ხომალდები, საკრუიზო ლაინერები, სახელმწიფოების მეთაურები და ა.შ. ბათუმის ნავსადგურში თითოეული გემის შემოსვლა იმაზე მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ტრანსპორტირება. ისტორიულად იგი არა მხოლოდ ტვირთის, არამედ კულტურული ღირებულებების გადამტანიც იყო, ამიტომ რთულია, კონკრეტულად რომელიმე მათგანზე საუბარი, ჩამოთვლისას ვინმეს დამსახურება და როლი რომ არ გამოგვრჩეს. მაგალითად, „მიურექსი“, რომელიც გახლდათ პირველი ტანკერი, 1892 წლის 15 აგვისტოს ბათუმის პორტიდან გავიდა. „მიურექსი“ არა მხოლოდ გემი, არამედ ისტორიული ძეგლიცაა, რომელიც ხაზს უსვამს, თუ როგორ უკავშირდებოდა ქალაქი სხვა ქვეყნებს, როგორ იზრდებოდა მისი მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით. ასევე, ძალიან ემოციურია ექვთიმე თაყაიშვილის, უდიდესი მეცნიერის და არქეოლოგის როლი, რომელსაც თავდადებისა და მოღვაწეობისათვის „ღვთისკაცი“ უწოდეს. 1921 წლის 11 მარტს, ფრანგული გემით „ ერნესტ რენანი“, მან ბათუმის პორტიდან გაიტანა და გადაარჩინა საქართველოს საგანძური. ეს გმირული საქციელი არის სამშობლოს უდიდესი სიყვარულის გამოხატულება. რა თქმა უნდა, ჩვენი ექსპოზიცია დიდ ადგილს უთმობს მსოფლიო დონის მეწარმეების: ნობელის, როტშილდის, მანთაშევის, შელის და სხვა მრავალთა ბათუმში მოღვაწეობის ამსახველ მასალებს. სხვადასხვა პერიოდის მსოფლიო მნიშვნელობის მოგზაურების, მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების ჩანაწერებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შავიზღვისპირეთის ამ პატარა, მაგრამ ჭეშმარიტად მარგალიტად წოდებულ ქალაქს.


ბატონო ულან, ამჟამად ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მართვის ექსკლუზიურ უფლებას ყაზახური სახელმწიფო კომპანია „KazTransOil“-ი ფლობს. რამდენიმე სიტყვით ამის შესახებ რომ გვესაუბროთ. . .
– დღეს პორტს შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს სხვადასხვა ტიპის 12-მდე გემს. ძირითადი სფეროებია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვა, საკონტეინერო და გენერალური ტვირთები, ასევე, საკრუიზო ლაინერების მიღება. ჩვენ ვნერგავთ ციფრულ მიმართულებებს, ვახდენთ პროცესის ავტომატიზებას, ვიცავთ საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თანამშრომელთა განვითარება, რადგან სწორედ მათი დამსახურებით ვმუშაობთ ეფექტურად. ამჟამად ბათუმის ნავსადგური ყაზახური მმართველობის ქვეშ იმყოფება და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი კომპანიის პოზიცია და მისწრაფება. ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და ვაძლიერებთ თანამშრომლობას ქართველ ხალხთან. ჩვენი მიზანია, ორივე ქვეყნის კეთილდღეობა და იმის ჩვენება, რომ საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობა ყოველთვის წარმატებას მოიტანს.

 

ხატია იაშვილი

 

 

 

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *