
სენატორი ლინდსი გრემი: რუსეთსა და უკრაინას ომის დასასრულებლად გარკვეული ტერიტორიების გაცვლა მოუწევთ
რუსეთსა და უკრაინას ომის დასასრულებლად გარკვეული ტერიტორიების გაცვლა მოუწევთ, – ამის შესახებ სენატორმა ლინდსი გრემმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მინდა, გულწრფელი ვიყო, უკრაინა ყველა რუსის გამოსახლებას არ აპირებს და რუსეთი კიევში არ მიდის, ამიტომ საბოლოოდ მიწების გაცვლა მოხდება“, – განაცხადა გრემმა.
ამასთან, სენატორმა აღნიშნა, რომ მიწების გაცვლა მხოლოდ „მას შემდეგ მოხდება, რაც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ექნება, რათა რუსეთმა ეს ხელახლა არ გააკეთოს“.
ჟურნალისტის კითხვაზე, სწორია თუ არა ტრამპის მხრიდან ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამართვა, გრემმა განაცხადა, რომ ის ძალიან კმაყოფილია დაგეგმილი შეხვედრით და იმედი აქვს, შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას.
„ომის დასრულება მოლაპარაკებების გარეშე შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ ზელენსკი პროცესის ნაწილი იქნება. ამას თეთრ სახლს მივანდობ“, – განაცხადა გრემმა.