
„საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“
აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“-ის ფარგლებში შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გახარია, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მთავრობის სხვა წევრები და მოწვეული სტუმრები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო პლენერში მონაწილე ხელოვანთა ნამუშევრები, რომლებიც აჭარაში, 4-9 აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა ლოკაციაზე შექმნეს. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს, სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს“, ააიპ „შავი ზღვის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო გაერთიანება პლენერი-20-ის“ და საქართველოს მხატვართა კავშირის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. მასში მონაწილეობდნენ ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნიდან (თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ლიტვა), მათ შორის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აჭარაში მცხოვრები მხატვრები.
პროექტის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მხატვრების ერთმანეთთან დაახლოება, ინტეგრაციის ხელშეწყობა და მომავალში ერთობლივ პროექტებში მონაწილეობისთვის მოტივაციის ამაღლება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სსიპ „აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ მიერ ორგანიზებული ახალგაზრდა დევნილი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.