
შალვა პაპუაშვილი – საქართველო ყოველთვის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გულშემატკივარი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიასთან გამოეხმაურა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციას და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ამით ათწლეულების კონფლიქტი დასრულდა. მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გულშემატკივარი.
„ეს იყო დიდი ტვირთი, რომელიც ჩვენს რეგიონს აწვა და გავლენას ახდენდა ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ქვეყანაზეც, საინვესტიციო მიზიდულობაზე და ა.შ. ამიტომ საქართველო ყოველთვის იყო ყველაზე დიდი გულშემატკივარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების და მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბებისა და ძალიან გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა. მე პირადად მივულოცე როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს ამ შეთანხმების მიღწევა და მათ იციან, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა შეთავაზება, რომ როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება იქნება ხელმოწერილი, უკვე გზა იხსნება პოლიტიკური ფორმატებისთვის, მათ შორის საპარლამენტო ფორმატებისთვის, იმისთვის, რომ ნდობა ქვეყნებს, პოლიტიკოსებს, პარლამენტარებს შორის ჩამოყალიბდეს, გაღრმავდეს და ამ მხრივ საქართველოც თავის წვლილს შეიტანს. ხაზგასასმელია, რომ ათწლეულების განმავლობაში ამ კონფლიქტის მოგვარებას, ასე ვთქვათ, კურირებდა ეუთოს ფორმატი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყვნენ უმრავლესობით წარმოდგენილი და ვხედავთ, რომ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლო, საკუთარი პოლიტიკური ნების და პოლიტიკური წონის გამოყენებით, ამ კონფლიქტის დასრულება რამდენიმე დღეში. ყველა ნაბიჯი, რომელსაც მოაქვს მშვიდობა და რომელიც აჩერებს ომს, არის, რა თქმა უნდა, დიფ სთეითის შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც რომ დიფ სთეითია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, 8 აგვისტოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით, სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.