მეწარმე ქალბატონების ნამუშევრების ყოველდღიური გამოფენა-გაყიდვა – ქობულეთში
By

მეწარმე ქალბატონების ნამუშევრების ყოველდღიური გამოფენა-გაყიდვა – ქობულეთში

მეწარმე ქალთა ასოციაციის ორგანიზებით, 4 აგვისტოდან ქობულეთის ცენტრალურ პარკში ყოველდღიური გამოფენა-გაყიდვა დაიწყო, რაც 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ეს არის სივრცე, სადაც მეწარმე ქალბატონებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავისი პროდუქცია გააცნონ მომხმარებლებსა თუ ვიზიტიორებს, რომლებსაც შეუძლიათ, დატკბნენ ამ სილამაზით და ამავდროულად, ადგილზევე შეიძინონ სასურველი პროდუქცია.
მეწარმე ქალთა ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მეწარმე ქალბატონებს პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ქვეყნის გარეთ. ამ მიზნით, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და SOCAR-თან პარტნიორობით, თითქმის ერთი წელია, ისინი თბილისში ყოველკვირეულ გამოფენა-გაყიდვებს აწყობენ, წელს კი ქობულეთის მერიის მხარდაჭერითა და SOCAR-თან პარტნიორობით, პირველად მიეცათ შესაძლებლობა, ქობულეთის ცენტრალურ პარკში, ყოველდღიურ გარე გამოფენა-გაყიდვაში მიიღონ მონაწილეობა, 16 საათიდან 00:00 საათამდე.
ჩვენ მეწარმე ქალბატონებს ვკითხეთ, რამდენად უწყობს ხელს მათ მსგავსი ღონისძიებები მცირე ბიზნესის განვითარებაში?


მარიამ ცეცხლაძე:
– ჩემს ხელით ნაქსოვ ნივთებს ,,DOUDOU“ -ს სახელით ვამზადებ.
ვფიქრობ, მსგავს გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ცნობადობის გასაზრდელად, გამოცდილებისთვისა და ამ სფეროში ახალი ნაცნობების შესაძენად. კარგი იქნება, თუ ასეთი ღონისძიებები ხშირად გაიმართება, მუდმივად გამოგვეყოფა სივრცე, სადაც ჩვენი დამზადებული ნივთების ჩაბარება თუ გაყიდვა იქნება შესაძლებელი.


გალინა გუნთაიშვილი:

– მე ვქმნი ნახატებს სხვადასხვა ჟანრში. ვფიქრობ, გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციისა და საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის. რეალურ სივრცეში მყიდველთან პირადი ურთიერთობა ცოდნას და გამოცდილებას გაძლევს. ვფიქრობ, მეწარმე ქალები უნდა იყვნენ ბაზარზე აქტიურად და მათი შრომა შესაბამისად ფასდებოდეს. კარგი იქნება, ბაზრობები თუ ხალხმრავალ ადგილებში გაიმართება, ასევე, სეგმენტიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ შესაძლებელი გახდეს ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია. მისასალმებელი იქნება, თუკი სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად შეგვიწყობს ხელს. ასევე, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მედია დაინტერესდეს მსგავსი ღონისძიებების გაშუქებით.


ჯეირან ძირკვაძე:
– მე, როგორც ოთხი შვილის მარტოხელა დედა და ხელნაკეთი სამკაულების „ჯელოსიას“ დამფუძნებელი, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი შრომით მათ ღირსეული და ბედნიერი ცხოვრება შევუქმნა. ეს გამოფენა-გაყიდვა ჩემთვის მხოლოდ პროდუქციის წარმოჩენა არ არის, ეს შესაძლებლობაა, ადამიანებს უშუალოდ გავაცნო, რამდენი სიყვარული, მოთმინება და სითბოა ჩადებული თითოეულ ნამუშევარში. „ჯელოსიას“ თითოეული ხელნაკეთი ნივთი სავსეა ქართულ სულიერებასა და ჩემს პირად ისტორიაში ჩადებული ძალით.
ეს არის სივრცე, სადაც მეწარმე ქალები ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ და ჩვენი საქმე ფასდება. მეწარმე ქალებს, განსაკუთრებით კი მარტოხელა მშობლებს, ყველაზე მეტად გვჭირდება მხარდაჭერა არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ცოდნითა და გამოცდილებით. ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს პროგრამები და პლატფორმები, სადაც შეგვეძლება ჩვენი ნამუშევრების გავრცელება, ცოდნის გაზიარება და ერთმანეთისგან სწავლა. მსგავსი ინიციატივები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იგი მაძლევს რწმენას, რომ ჩემი ოცნებები რეალურად შეიძლება ახდეს. როცა ქალი, განსაკუთრებით დედა, მხარდაჭერას გრძნობს, ის მთებსაც კი გადადგამს.


ლელა წულუკიძე:
– ამ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ ფართო საზოგადოებას წარვუდგინო ჩემი ხელნაკეთი ნამუშევრები და გავაცნო ბრენდი „Leluka Hand Made“. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან გვეცნობა საზოგადოება და იზრდება ახალი მომხმარებლების შეძენის შანსი. ჩემთვის, როგორც მეწარმე ქალისთვის, ეს არა მხოლოდ გაყიდვის, არამედ პროფესიული განვითარებისა და ქსელის გაფართოების შესაძლებლობაა. ასევე, საჭიროა მარკეტინგში, ფინანსურ მართვასა და ონლაინგაყიდვებში უფრო მეტი სასწავლო ტრენინგი, უფრო მარტივი წვდომა დაფინანსების წყაროებზე. ჩემი მცირე ბიზნესის დასახმარებლად მნიშვნელოვანია ბაზრების გაფართოება, გამოფენა-გაყიდვებში რეგულარული ჩართვა და ონლაინპლატფორმებზე აქტიური პოპულარიზაცია. ეს ხელს შეუწყობს ბრენდის განვითარებას და გაყიდვების ზრდას.

 ირმა წულუკიძე:
– უკვე 30 წელია, კოსმეტიკურ საშუალებებს ვამზადებ და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ მომხმარებლებთან გვაქვს ურთიერთობა და მათ დეტალურად ყველაფერს ვუხსნით. სასურველია, დიდი მასშტაბით მოეწყოს მსგავსი გამოფენა-გაყიდვა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ამაში კი სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არ არსებობს კოსმეტიკური საშუალებების ლიცენზირება და თუ სახელმწიფო დაგვეხმარება წვრილ მეწარმე ქალბატონებს ლიცენზიის მოპოვებაში, ძალიან კარგი იქნება. ეს გადამწყვეტია იმისთვის, რომ წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე ფართო მასშტაბით. მეწარმე ქალბატონები მადლობას უხდიან ქობულეთის მერიას, ქობულეთის ცენტრალური პარკის ადმინისტრაციასა და SOCAR Georgia Petroleum-ს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის.

 თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • აგვისტო 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *