
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს, დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სასახლეში უმასპინძლებს, გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
„ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან ნუმან ქურთულმუშთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.