
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – არავითარი შანსი არ აქვთ, რომ მოიგონ მერის არჩევნები
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რეგიონებში მერობის კანდიდატების დასახელების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებს მერის არჩევნებში მოგების არავითარი შანსი არ აქვთ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაქსიმუმ, რაც ოპოზიციას შეუძლია, ეს არის სხვადასხვა საკრებულოში დეპუტატების შეყვანა.
„ერთადერთი რეალური ამოცანა, რაც შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის დეპუტატის შეყვანა, მაქსიმუმ, ფრაქციის შექმნა სხვადასხვა საკრებულოში. დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე, ეს არის რეალური სურათი. არავითარი შანსი არ აქვთ, რომ მოიგონ მერის არჩევნები. ეს არის იმ საბოტაჟის შედეგი, რომელსაც ახორციელებდნენ საკუთარი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. ამ საბოტაჟმა დაასუსტა ოპოზიციური პარტიები, რადიკალური ოპოზიცია. ამის შედეგებს იხილავენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.