
დიდგორობა – დიდი სახალხო დღესასწაული
დიდგორის ბრძოლა, რომელიც 904 წლის წინ გაიმართა, ისეთი დიდი მნიშვნელობის იყო, რომ ამდენი საუკუნის შემდეგაც ვიხსენებთ და სანამ საქართველო იარსებებს, მას ქართველი მუდამ გაიხსენებს. ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს, თბილისის მისადგომებთან (მანგლისთან ახლოს) დიდგორის ველზე გაიმართა თურქ-სელჩუკთა კოალიციური არმიის წინააღმდეგ და მას ქართველთა უდიდესი მეფე დავით აღმაშენებელი უძღვებოდა.
საქართველოს ისტორიაში დიდგორის ბრძოლა უდიდეს გამარჯვებათა რიცხვს მიეკუთვნება. ეს იყო „ძლევაი საკვირველი“. არაბული წყაროების ცნობითაც კი თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი ბევრად აღემატებოდა ქართულს. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს მტრის ლაშქარი „ქვიშა ზღვისას“ შეუდარებია.
მოწინააღმდეგის ლაშქრის განადგურების შემდეგ, დავით აღმაშენებელს თბილისისკენ გზა გაეხსნა. უკვე ერთი წლის შემდეგ მან ჯერ თბილისი, ხოლო 1123 წელს დმანისიც აიღო.
დიდგორის ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ გამარჯვებით შესაძლებელი გახდა ქვეყნის მტრისგან საბოლოო გათავისუფლება. სწორედ აქედან მიეცა დასაბამი „ოქროს ხანას“ საქართველოს ისტორიაში და რაც მთავარია, ჩვენმა ქვეყანამ რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი საბოლოოდ დაიმკვიდრა.
დღეს დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაული გაიმართება. დღესასწაულის მონაწილეები დაათვალიერებენ საგამოფენო სივრცეებს, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები, გაიმართება კონცერტი, სადაც ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მუსიკალური ნომრებით წარსდგებიან, თეატრალიზებულ პერფორმანსში კი დავით აღმაშენებლის ეპოქა გაცოცხლდება.
„დიდგორობა 2025“-ის ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან.
მანანა ძიძიშვილი