
ყველა დღე სიყვარულისა და სიკეთის უნდა იყოს
საქველმოქმედო ფონდმა „კეთილსოფელი“, ტრადიციულად, „სიკეთის დღე“ აღნიშნა. ორგანიზატორების მხარდამჭერები გახლდათ ქალაქ ბათუმის მერია, შპს „ბათუმის წყალი“, იახტკლუბი. როგორც ა(ა)იპ „კეთილსოფლის“ დამფუძნებელმა ნანა სარიშვილმა გვითხრა, აქციაზე სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფიდან – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სოციალურად დაუცველი ადამიანები მოიწვიეს.
– წლევანდელი ღონისძიება შინდისის ომის გმირებს მივუძღვენით. დღეს ათასამდე ადამიანი გავახარეთ, რამდენიმე კატარღით ერთდროულად გავიყვანეთ ზღვაში. კატარღაზე ჩავატარეთ კულტურული ღონისძიება, სუფრასთანაც მივიწვიეთ. ეს იყო სიყვარულისა და მოფერების წუთები. მადლობა ბათუმის მერიას, რომელიც ყოველ წელს გვერდით გვიდგას, ასევე იახტკლუბის მფლობელებს, – გვითხრა ნანა სარიშვილმა.
– მე-13 წელია ამ დღეს აღვნიშნავთ, წელს სიმბოლურად შინდისში დაღუპულ გმირებს მივუძღვენით, რომელთა სულმაც 17 წელია ზეციურ საქართველოში დაივანა. ჩვენ ისინი გვიყვარს, გვახსოვს და მუდამ გვემახსორება. დაუვიწყარია მათი თავდადება ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა დღე სიყვარულისა და სიკეთის უნდა იყოს, – აღნიშნა მებაღემ, პოეტმა მიხეილ ტყებუჩავამ.
– ასეთი შეხვედრები ძალიან კარგია, დღეს რამდენმა ადამიანმა გაიხარა. მადლობა ორგანიზატორებს, რომ არ ვავიწყდებით, – აღნიშნა უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე ნოდარ ნაკაშიძემ. აქციაში გია ნიკოლაძე, ნუგზარ ერგემლიძე, გურამ გურალაშვილი, შორენა იმნაძე, მამუკა ბერიძე, ცირა თურაძე, პოეტი ირა სარიშვილი მონაწილეობდნენ.
– დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ადამიანებმა მუდამ სიკეთე უნდა ვაკეთოთ. მთავარია, მოვუაროთ დედამიწას. საბოლოოდ ის გვიბარებს, ის გვასუნთქებს, გვაჭმევს, გვასმევს, ის ჩენთვის ყველაფერია. . . ჩვენ თუ მას არ მოვუარეთ ისე, როგორც ხატებს, ჯვარს ვუვლით, გასკდება და წაგვიყოლებს. დედამიწა ყველასთვის ერთადერთია და ვალდებული ვართ, სიკეთე ვთესოთ დედამიწაზე, – თქვა მომღერალმა გია ნიკოლაძემ.
გალერეა



