
ახალგაზრდების ლაშქრობა – მარეთის ხეობაში
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, მარეთის ხეობაში ტურისტული ლაშქრობა მოეწყო, რომელშიც შუახევის, ქედისა და ხულოს ახალგაზრდები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. პირველი გაჩერება გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი იყო.
– 25 ქედელი ახალგაზრდა მონაწილეობს ლაშქრობაში, რომელსაც ჩემთან ერთად, ნათია ბარამიძე და ირმა ქობულაძე ხელმძღვანელობენ. მარეთის ხეობაში პირველად ვართ. ეს ტაძარი ხეობის სავიზიტო ბარათია. იგი 2005 წლიდან მოქმედებს და მის აშენებაში დიდი წვლილი მარეთის ხეობის მკვიდრს, პროფესორ სოლომონ ფუტკარაძეს აქვს შეტანილი. გავიცანით და ვესაუბრეთ ტაძრის წინამძღვარ დეკანოზ გიორგის (ფუტკარაძე). წინ მრავალი ღირსშესანიშნაობა გველოდება,- გვითხრა არჩილ ბეჟანიძემ. საინტერესო და შინაარსიანი ზეიმის „კუნტიჯვრობის“ დასრულების შემდეგ, ხულოელი ახალგაზრდების ხელმძღვანელმა ნათია ვასაძემ თქვა: – მთიან აჭარაში მრავალი ისტორიული ადგილი გვაქვს, მრავალი დღესასწაულიც ტარდება. ჩემი წილი მადლობა „კუნტიჯვრობის“ და ახალგაზრდული ლაშქრობის ორგანიზატორებს. მთა ჩირუხში ორზოლიანი ზიპლაინის ნახვის დიდი სურვილი გვქონდა და ესიც ლაშქრობის მონაწილებმა ავისრულეთ. ლაშქრობის ორგანიზატორებმა ამირან ხიმშიაშვილმა და მარიკა დავითაძემ სახალისო ვიქტორინა გამართეს და გამარჯვებული ახალგაზრდები „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოეს.
„12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს პირველად აღინიშნა. ეს დღე ხაზს უსვამს ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის განვითარებაში, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ამირან ხიმშიაშვილმა. ტურისტული ლაშქრობა ახალგაზრდებში ლაშქრობის კულტურის განვითარების ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობასა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ცოტნე ცაბაძე