
დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებებს არ გამართავს
აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროპელი დიპლომატების ცნობით, გუშინ, მათთან გამართული სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალასკაზე, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებას თავის საქმედ არ თვლის. დიპლომატებმა გამოცემას განუცხადეს, რომ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე მხარდაჭერა გამოხატა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ალასკაზე შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმება, ამას „მძიმე შედეგები მოჰყვება“.