მერობისთვის ბრძოლა დაიწყო – ოპოზიცია ჯერ ისევ ფიქრობს. . .
By

მერობისთვის ბრძოლა დაიწყო – ოპოზიცია ჯერ ისევ ფიქრობს. . .

რაც უფრო ახლოვდება 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები, მით უფრო მატულობს ვნებათაღელვა საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში. ეს არჩევნები საქართველოსთვის, პოლიტიკური კუთხით, ერთ-ერთი გარდამტეხია – ქვეყანის მასშტაბით, ყველა ქალაქისა და რაიონის მცხოვრებლები ადგილობრივ თვითმმართველობებს ირჩევენ.
არჩევნებში მონაწილეობს ცესკოში რეგისტრირებული 17 პარტია, ესენია: „ქართული ოცნება“; „გახარია საქართველოსთვის“; „ძლიერი საქართველო – ლელო“; „გირჩი“; „კონსერვატორები საქართველოსთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „სახალხო ხელისუფლება“; „მამული, ენა, სარწმუნოება“; „საქართველო“; „მემარცხენე ალიანსი“; „ქართველთა ერთობა“; „მწვანეთა პარტია“; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; „თავისუფალი საქართველო“; „მესამე გზა“; „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“; „დემოკრატთა ალიანსი“.
ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, საარჩევნო ნომერი დაკარგა. ერთ-ერთია „ნაციონალური მოძრაობა“. მას საარჩევნო ნომერი „5“ ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა, ასევე, ნომერი „4“ დაკარგა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ოციფიალურად 31 ივლისს, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის და თბილისის საკრებულოს 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენით დაიწყო, მიმდინარე კვირაში კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ
საზოგადოებას ქვეყნის კიდევ 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარუდგინა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე იქნება, რომელიც ბოლო დროს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერიის თანამშრომლებს უკვე წარუდგინა როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელი, ამ პოსტზე სამი თვის წინ დანიშნულმა გიორგი მურვანიძემ კი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად გადაინაცვლა.
ქობულეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძეა, რომელიც ყოფილი მერის ლევან ზოიძის პირველი მოადგილე იყო და ამ დრომდე ქობულეთის მერის მოვალეობას ასრულებს. მუნიციპალიტეტში უკვე გამოჩნდა მისი მხარდამჭერი ბანერები წარწერით – ,,მშვიდობა საქართველოს – მეტი განვითარება ქობულეთს“. ხელვაჩაურში მერობის კანდიდატია მოქმედი მერი ზაზა დიასამიძე, ქედაში – მამუკა თურმანიძე, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ქედის დელეგატად არის არჩეული. შუახევის მერობის კანდიდატია მოქმედი მერი ომარ ტაკიძე, ხოლო ხულოში – ვახტანგ ბერიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს დელეგატი.
„აჭარაში სულხან თამაზაშვილმა, პოლიტსაბჭოსთან ერთად, შეარჩია პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და, რაც მთავარია, მოსახლეობისთვის მისაღები მერობის კანდიდატები. პირდაპირი წესით არჩევა „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა, რაც ამომრჩევლის მეტი ჩართულობისა და მათ წინაშე ანგარიშვალდებულების შესაძლებლობაა“, – დაწერა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ცოტნე ანანიძემ სოციალურ ქსელში, რითაც კანდიდატურების წარდგენას გამოეხმაურა.
სახელისუფლებო გუნდი 4 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ელის. პრემიერმა კანდიდატების წარდგენის შემდეგ ოპოზიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ თვითმმართველობის არჩევნებში მოგების არავითარი შანსი არ აქვთ.
„ერთადერთი რეალური ამოცანა, რაც შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის დეპუტატის შეყვანა, მაქსიმუმ, ფრაქციის შექმნა სხვადასხვა საკრებულოში. დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე, ეს არის რეალური სურათი. არავითარი შანსი არ აქვთ, რომ მოიგონ მერის არჩევნები. ეს არის იმ საბოტაჟის შედეგი, რომელსაც ახორციელებდნენ საკუთარი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. ამ საბოტაჟმა დაასუსტა ოპოზიციური პარტიები, რადიკალური ოპოზიცია. ამის შედეგებს იხილავენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენას აფასებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია ვერ ჩაითვლება არჩევნებად.
„სულ ტყუილად ინაწილებენ მერებს, საკრებულოს წევრებს და სულ ტყუილად ხოცავენ ერთმანეთს „ქოცები“ სიებზე, თანამდებობებზე თვითმმართველობაში. არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია ვერ ჩაითვლება არჩევნებად და ცხადია, ივანიშვილის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ხალხი შეარჩევს თავის რჩეულებს და არა ივანიშვილი, კობახიძე ან მდინარაძე. 4 ოქტომბერს, ივანიშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ, გაუქმდება ყველა აქტი თუ კანონი, რომელიც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოსცა,“ – წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე ვერ შეჯერდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ლელო“ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატურასაც განიხილავს და მისი რეიტინგის დასადგენად იაგო კაჭკაჭიშვილის ISSA- ს კვლევაც დაუკვეთა. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.
– „ლელომ“ გადაწყვიტა, ერთ-ერთ ვარიანტად „გატესტოს“ მომღერალი მერაბ სეფაშვილი, „გატესტოს“, ეს მისი ნებაა და ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ საბოლოოდ, კანდიდატზე ერთობლივად უნდა შევთანხმდეთ, – ასე აფასებს აღნიშნულ კანდიდატურას „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე.

მანამდე, „ლელოსა“ და გახარიას გუნდში იყო საუბარი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილზე, თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. გიორგი გახარიას გუნდში მერობის კანდიდატად განიხილება ამავე პარტიის წევრი გიორგი შარაშიძეც.
ფაქტია, რომ ჯერჯერობით ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, მერობის ერთი ჩამოყალიბებული კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა, როგორც პარტიებში აცხადებენ, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა და კანდიდატურას მალე გააცნობენ საზოგადოებას.
„ჩვენ გვაქვს სამკომპონენტიანი ბრძოლის მეთოდი, სადაც ყველა შესაძლო ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ დავასუსტოთ და დავაზიანოთ ბოროტმოქმედი რეჟიმი, რომელმაც საქართველო ღიად ჩააბარა, ფაქტობრივად, რუსეთს. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და სულ მალე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს კანდიდატს, რომელიც იბრძოლებს, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები, დავიბრუნოთ თბილისი, სხვა ქალაქები და, რა თქმა უნდა, დავიბრუნოთ ჩვენი სოფლები“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
რაც შეეხება 8 ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციით შემოიფარგლებიან. მათი თქმით, ამ დღეს გაიმარჯვებენ და მშვიდობიანად დაამხობენ „ქართულ ოცნებას“.

თამარ ლამპარაძე

 

  • No Comments
  • აგვისტო 14, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *