
ქართული ხელოვნების ფურორი – გერმანიაში
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – თემურ დოლიძე, დირექტორი – ჭაბუკა სურმანიძე, ორივე მომღერალი გახლავთ ანსამბლის წამყვანი სოლისტი) თითქმის ორთვიანი გასტროლით გერმანიის ხუთ ქალაქში – ნეუსტერლიცში, ტემპლინში, რჰენზცბერგში, ჰერზბერგსა და ბერლინში იმყოფებოდა. მისი მთავარი მასპინძელი კომპანია Kulturleben Berlin-ი გახლდათ, რომლის მიწვევითაც იმყოფებოდა ანსამბლი გასტროლზე. ამ კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ანჟელა მეიენბურგია, გასტროლის თანაორგანიზატორი კი „კოლხი ივენთი“ იყო (ხელმძღვანელი – ლაშა გედენიძე, ანსამბლის ყოფილი სოლისტი, რომელიც ახლა გერმანიაში მუშაობს).
„ბათუმი“ ხუთი ქალაქიდან ოთხში, სხვადასხვა ტაძარში გამოვიდა, ბოლო, შემაჯამებელი კონცერტი კი ბერლინის მსოფლიოში ცნობილ, საკმაოდ პრესტიჟულ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართა, რომელსაც 1200 მაყურებელი დაესწრო. ბილეთები მთლიანად ჯერ კიდევ ორი კვირით ადრე გაიყიდა. კონცერტს მასპინძლებთან ერთად, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი გერმანიაში, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანა აბულაძე და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდნენ. ეს გამოსვლა ჩაიწერა ოთხ კამერაზე, რომელსაც დაამონტაჟებენ და მოგვიანებით ეთერშიც გავა.
აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ გერმანიაში გასტროლზე მისი დირექტორი და წამყვანი სოლისტი ჭაბუკა სურმანიძე გვესაუბრება:
– ანსამბლი გერმანიაში ადრეც არაერთხელ იმყოფებოდა, თუმცა აქამდე ბერლინის დიდ საკონცერტო დარბაზში არ გამოვსულვართ. ეს არის უმაღლესი დონის საკონცერტო არენა უნიკალური დარბაზით. წლევანდელმა გამოსვლამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა და მაყურებელმა ზღვა აპლოდისმენტებით დაგვაჯილდოვა. შევასრულეთ ხალხური, ქალაქური და კლასიკური ნაწარმოებები. სასიხარულოა, რომ დღეს, ევროპასთან ცოტა დაძაბულობის პერიოდში, „ბათუმმა“ თავისი ხელოვნებით თითქოს ურთიერთობის დათბობა მოახერხა, მომღერლებმა ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანეს ზოგმა – სიმღერით, ზოგმა – სიტყვით. . . ეს იყო ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი, რომელიც, ვფიქრობ, ყველამ, როგორც შეუძლია, ისე უნდა მოიხადოს. მე ასეთი წარმატებული გამოსვლით ამაყი ვიყავი. გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა დონეზე, მათ შორის, საქართველოს საელჩოში, სადაც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანა აბულაძემ გულთბილად გვიმასპინძლა. იქვე კონცერტიც გავმართეთ. როგორც აღვნიშნე, იმ ხუთი ქალაქიდან, ოთხში საკათედრო ტაძრებში გამოვედით, კონცერტებისთვის სპეციალურად შევარჩიეთ რეპერტუარი, ადგილის გათვალისწინებით უფრო მეტი აქცენტი საგალობლებზე გავაკეთეთ, შევეცადეთ, შეგვენარჩუნებინა მშვიდი გარემო. რაც შეეხება ბერლინში გამოსვლას, იქ გვქონდა შერეული პროგრამა, შევასრულეთ როგორც ქართული ხალხური სიმღერები, უძველესი, მრავასაუკუნოვანი საგალობლები, ასევე ქალაქური – რევაზ ლაღიძის, ოთარ თაქთაქიშვილის, ჯანსუღ კახიძის, მაცაცო სებისკვერაძის, მარიკა კვალიაშვილის, სხვათა ნაწარმოებები. ჩვენმა წარმარტებულმა გამოსვლამ განაპირობა ის, რომ უკვე არის საუბარი ჰოლანდიასა და იტალიაში მიწვევაზე. როცა ისეთ პრესტიჟულ სცენაზე გამოდიხარ, როგორიც ბერლინის ფილარმონიაა და თან ასეთი წარმატებით, ეს დიდი დარბაზებისკენ გზას გიკვალავს. რა თქმა უნდა, გვესწრებოდნენ ქართველი ემიგრანტები, რომელთა სიხარულის ცრემლებით სავსე თვალები არასოდეს დაგვავიწყდება. ეს ემოციები გასაგებიცაა. . .
აქვე ჩვენი ანსამბლის გეგმებსაც შევეხები: მიხარია, რომ 27 აგვისტოს „ქართულ ხმებთან“ ერთად პეტრას ციხეზე გამოვალთ. ასეთ ანსამბლთან ერთად სცენაზე დგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დაიგეგმა, ქალბატონ ელისო ბოლქვაძის დიდი მოწადინებით. სხვათა შორის, ანსამბლი „ბათუმი“ 25 წლის წინათ „ქართული ხმების“ მიწვევით გამოვიდა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. ერთობლივი სოლოკონცერტი ჩატარდა სახელწოდებით: „ქართული ხმები“ მასპინძლობს „ბათუმს“. ახლა მათ ჩვენ ვუმასპინძლებთ. ამ ხნის განმავლობაში ორივე ანსამბლში შეიცვალა თაობები, ეს ცვლა აუცილებელია. . . ჩვენმა ანსამბლმა არაერთი კარგი მომღერალი დაკარგა, მათ შორის, სულ ახლახან, არჩილ სოსელია, რომელიც გერმანიაში გაგვიხდა შეუძლოდ. იქ ყველაფერი გააკეთეს მის დასახმარებლად, მადლობა მათ და აჭარის მთავრობას, პირადად სულხან თამაზაშვილს, აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძეს, განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს თანადგომისთვის. ის აქ გადმოიყვანეს და უკანასკნელი წუთები სამშობლოში გაატარა. . . მანამდე ანსამბლს მერაბ კალანდაძე, ავთანდილ ბაბულეიშვილი, ომარ ვარშალომიძე გამოაკლდნენ. . . უფრო ადრე – ალეკო ქავთარაძე. საუკეთესოები იყვნენ. . .
ამჟამად ანსამბლში შესანიშნავი მომღერლები გვყავს, როგორც გამოცდილი, ისე ახალბედები, მაგრამ ყველა ერთ დიდ საქმეს ვემსახურებით – ძველი თაობიდანაა ჩვენი თემურ დოლიძე, რომელიც ყველაფერს აკეთებს ანსამბლის პოპულარიზაციისთვის, ყველას უწილადებს სითბოს და სიყვარულს, რაც ასე მნიშვნელოვანია, ნოდარ ვარშანიძე – ჩვენი ქორმაისტერი, ანსამბლის მაესტრო და არაერთი თაობის აღმზრდელი, ზვიად სურმანიძე, შერმანდინ ღვინიანიძე (საოცარი კრიმანჭულით მოვიდა ჩვენთან, დღეს საძებარია კრიმანჭულის მთქმელი), გია თურმანიძე, გიორგი ფარტენაძე, არაჩვეულებრივი, საინტერესო ხმა, რომან შაინიძე – ქალაქური ჟანრის სიმღერების უბადლო შემსრულებელი, მამუკა სურმანიძე – ჩემი შესანიშნავი პარტნიორი ურთულეს სიმღერებში, პაატა ჭურკვეიძე – უნიკალური ხმა, მასთან როცა მღერი, სულ „ფორმაში“ უნდა იყო, ერთ-ერთი საუკეთესოა. ანსამბლში ახალი ხმა მოვიდა, ტრადიციულ მომღერალთა ოჯახიდან -თედო თხილაიშვილი, თაობების აღმზრდელი ქორეოგრაფის თემურ თხილაიშვილის შვილიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ქორეოგრაფია, ისიც შესანიშნავად მღერის ტრადიციულ ქართულ სიმღერებს, იაგო მახარაძე, მისმა ოჯახმა ქართულ საოპერო ვოკალურ ხელოვნებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ის ცნობილი მურმან მახარაძის შვილი გახლავთ, რომელიც ბევრი საუკეთესო მომღერლის გამზრდელია. ანსამბლს შეემატა მერაბ კალანდაძის ვაჟი ვალერი კალანდაძე – გურული ფოლკლორის არაჩვეულებრივი შემსრულებელი, არჩილ სოსელიას ვაჟი გიორგი სოსელია, მჯერა, მალე ჩაანაცვლებს მამას კარგი ხმით; ლევან ცხოიძე – მასთან სიმღერა ერთი სიამოვნებაა, ის ყველა ჟანრს ასრულებს, სულხან ჯაიანი – ფუფუნებაა, როცა ანსამბლს ასეთი დონის მომღერალი ჰყავს, მის უნიკალურ ხმას ბევრი დიდი თეატრი ინატრებდა, ის ანსამბლ „ბათუმისთვის“ დიდი ძალაა. კარგი მომღერალია დავით ჭყონია, ანსამბლში ისევ დაბრუნდა დავით გველესიანი, არაჩვეულებრივი მომღერალი და ჩემი პარტნიორი, წამყვანი სოლისტი, მანამდე ანსამბლ „რუსთავში“ მღეროდა. ამჟამად „ბათუმში“ ჩემი შვილი ნოდარ სურმანიძეც მღერის, რომელიც საგუნდო-სადირიჟოროზე აპირებს ჩაბარებას. კარგია, როცა ანსამბლში მომღერალი ოჯახებიდან მოდიან, მათ საფუძველი აქვთ კარგი.
გასტროლზე ანსამბლს თან ახლდა „ბათუმის“ პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ჯაბა სალუქვაძე:
– გერმანიის რამდენიმე ქალაქში გამართული გასტროლიდან ყველაზე მთავარი ბერლინის დასკვნითი კონცერტი იყო, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. იქ გამოსვლა ნებისმიერი ანსამბლისთვის პრესტიჟულია, რადგან მათ სპეციალური კომისია – დირექტორთა საბჭო ირჩევს, რომელიც ცნობილი მუსიკოსებისგან შედგება. ისინი ეცნობიან ამა თუ იმ ანსამბლის მიერ წარმოდგენილ ფირებს თავიანთი შემოქმედების შესახებ და აფასებენ, უღირთ თუ არა მათი გამოსვლა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს კონცერტზე დასასწრები ბილეთები ორი კვირით ადრე გაიყიდა. კონცერტს 80 პროცენტი უცხოელი ესწრებოდა, დანარჩენები ემიგრანტები იყვნენ. კონცერტის დამთავრებისას, 1200 ადამიანი ფეხზე წამოდგა და ისე უკრავდა ტაშს. ეს ოვაცია-შეძახილები 20-25 წუთი გაგრძელდა. დარბაზში სასწაული ხდებოდა, „სულიკო“ მოითხოვეს, რომელიც ჩვენებმა ხელმეორედ შეასრულეს. უნდა გენახათ, როგორ ეფერებოდნენ ჩვენს მომღერლებს. სამწუხაროა, რომ ამას ქართული მედიასაშუალებები არ ესწრებოდნენ. ჩვენი მასპინძელი კომპანიის საქმიანობის სფერო ქველმოქმედება და კულტურაა, მას დიდი მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსგან და ძალიან კარგ საქმეებს აკეთებს. მისი დამფუძნებელი და დირექტორი ანჟელა მეიენბურგი 15 წელია, რაც ამ კომპანიას უძღვება. . . ანსამბლი „ბათუმი“ უკვე არაერთი წელია, გერმანიაში დადის გასტროლზე, მაგრამ კონცერტები ყოველთვის პატარა ქალაქებში ჰქონდა. ამ ქალბატონმა გადაწყვიტა, დასკვნითი საღამო ფილარმონიაში ჩაეტარებინათ და გახარებული იყო, რომ „ბათუმმა“ გაამართლა იმედები. როგორც იქ აღნიშნეს, წლებია ამ დარბაზში ასეთი ოვაციებით კონცერტი არ გამართულა. სასიხარულოა, რომ იგეგმება ჩვენი მიწვევა ამსტერდამში, ნეაპოლში, შტუტგარდში, ჰამბურგში, დრეზდენში და ყველა კონცერტი დიდ დარბაზებში გაიმართება.
ანსამბლ „ბათუმის“ წარმომადგენლები მადლობას უხდიან საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანა აბულაძეს, აჭარის კულტურის სამინისტროს, მინისტრ ელისო ბოლქვაძეს, მოადგილე ლადო მგალობლიშვილს მხარდაჭერისთვის.
გასტროლზე ანსამბლ „ბათუმის“ შემადგენლობში იყვნენ: მზეჭაბუკ სურმანიძე, დავით გველესიანი, თემურ დოლიძე, ნოდარ სურმანიძე, გიორგი ფარტენაძე, ზვიად სურმანიძე, პაატა ჭურკვეიძე, იადონ მახარაძე, რომან შაინიძე, დავით ჭყონია, მამუკა სურმანიძე, სულხან ჯაიანი, ლევან ცხოიძე, ვალერიან კალანდაძე, არჩილ სოსელია (აწ გარდაცვლილი), შაკო ღვინიანიძე, თედო თხილაიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს „ბათუმი“დაარსების 35 წელს იზეიმებს. ამჟამად ანსამბლი ემზადება ძალიან საინტერესო საღამოსთვის, რომელიც პეტრას ციხეზე გაიმართება „ქართულ ხმებთან“ ერთად. 2 ნოემბერს ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალს გახსნის,
დეკემბერში კი თურქეთში ჩვენებურებთან გაემგზავრება, სადაც რამდენიმე კონცერტით წარსდგება ართვინში, ორდუში, გირესუნში, ფაცაში და სხვაგან.
მანანა ძიძიშვილი
ფოტოები – პეტრო ადამიკ