„პრიზმა“: ახალი თაობის ხედვა და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მისია
By

„პრიზმა“: ახალი თაობის ხედვა და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მისია

5 აგვისტოს, 18:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა „პრიზმა“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია სამი გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი მხატვრის – ბექა საყვარელიძის, შოთა გიორგაძისა და ილია დავარაშვილის ნამუშევრები. ეს ის თაობაა, რომელსაც ქართული სახვითი ხელოვნება ახალი სტანდარტებისკენ მიჰყავს, აერთიანებს ტრადიციულსა და თანამედროვეს და საზოგადოებას სთავაზობს როგორც ესთეტიკურ სიამოვნებას, ასევე, სიღრმისეულ დიალოგს. გამოფენაზე, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, წარმოდგენილია როგორც სკულპტურული, ასევე ფერწერული ნამუშევრები. გამოფენის შესახებ ახალგაზრდა მხატვარი ბექა საყვარელიძე გვესაუბრება.

– ბექა, როგორ გაიცანით ერთმანეთი და რამ გააერთიანა ჯგუფი „პრიზმა“?

– ჩვენს სამეულს აერთიანებს არა მხოლოდ საერთო შემოქმედებითი ინტერესები, არამედ ღრმა სურვილი, გავხსნათ ახალი შესაძლებლობები თანამედროვე ქართული ხელოვნებისთვის. ერთმანეთი გავიცანით ერთ-ერთ ჯგუფურ პროექტზე, სადაც აღმოვაჩინეთ საერთო ხედვები და იდეები. სწორედ ეს ერთიანობა იქცა „პრიზმის“ საფუძვლად. სახელწოდება, რომელიც სხვადასხვა ფერისა და სინათლის სიმბოლოდ გვევლინება, ძალიან კარგად ასახავს ჩვენი შემოქმედების მრავალფეროვნებას და ენერგიას. გაერთიანებული ვართ ერთი მიზნის გარშემო – სიღრმისეულ და მრავალმხრივ დიალოგში ჩავერთოთ საზოგადოებასთან და ახალი თაობა დავაახლოოთ ფართო აუდიტორიასთან.

რატომ გადაწყვიტეთ ერთად მოგეწყოთ გამოფენაპრიზმა, რაში გამოიხატება მისი განსაკუთრებულობა?

– მოვინდომეთ შეგვექმნა პლატფორმა, სადაც ჩვენი განსხვავებული ხმები ერთიანდება და ქმნის ახალ კულტურულ გამოცდილებას. სახელწოდება „პრიზმა“ ჩვენი შემოქმედების მრავალფეროვნების სიმბოლოა. ის ერთი სინათლის მრავალ ფერად დაშლას წარმოადგენს. ეს იდეა კარგად გამოხატავს, თუ როგორ ვაფასებთ განსხვავებულობას და მრავალფეროვნებას, როგორც შემოქმედებითი პროცესის საფუძველს.

რისი თქმა გსურთ თქვენი შემოქმედებით?
– ჩემი მხატვრული ენით ვეძებ კომუნიკაციას წარსულსა და მომავალს შორის. მომწონს ინტერვალები ტრადიციასა და თანამედროვე აზროვნებას შორის, ვცდილობ, ფერებმა და ფორმებმა შემოიტანონ ემოციური დატვირთვა და ამავდროულად, სიღრმე მაყურებლისთვის.

რა გზავნილს გადსცემთ საზოგადოებას ამ გამოფენით?
– ჩვენი მიზანია, აღვმართოთ ხიდი ხელოვნებასა და ყოველდღიურობას შორის, დავაფიქსიროთ თანამედროვე საზოგადოებრივი განცდები და გავაზიაროთ ეს ემოციები ვიზუალური ენით, რომელიც ყველასთვის გასაგებია.

რა არის მთავარი შთაგონება და როგორია თქვენი მხატვრული ხედვა?
– შთაგონებას ვიღებ როგორც საკუთარი გამოცდილებიდან, ასევე, გლობალური კულტურული ტრენდებიდან. ჩემთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ხმა, რომელიც თავისუფლად და თამამად აწარმოებს დიალოგს როგორც ისტორიის, ასევე, თანამედროვეობის გამოწვევებთან. ვცდილობ მხატვრულ ენაში მოვიტანო სიახლე, რომელიც გვაერთიანებს ჩვენს ამჟამინდელ რეალობასთან.

-რას ფიქრობთ ახალგაზრდა ხელოვანთა როლზე დღეს და რა გზავნილს გაუგზავნით მათ?

– ახალგაზრდები ის ძალაა, რომელიც მუდმივად ცვლის და განაახლებს კულტურას. მათ თავისუფლების და სიახლეების ძიების სურვილი აქვთ. ვურჩევ, იყვნენ თამამები, არ დათმონ საკუთარი აზრი და გამოხატვის თავისუფლება, რადგან სწორედ ეს არის მომავლის ხელოვნება.

რამდენიმე კითხვით გალერეის პიარმენეჯერ ელენე კურტანიძეს მივმართეთ:

 – ელენე, რა არისბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცისმთავარი მისია?
– ჩვენი მთავარი მისიაა თანამედროვე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების აღმოჩენა, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და პროფესიული განვითარება. ვქმნით პლატფორმას, რომელიც აკავშირებს ხელოვანებს, საზოგადოებას და საერთაშორისო ხელოვნების სამყაროს. ამ გზით ვაძლიერებთ ინოვაციურ იდეებს და ვაღრმავებთ კულტურულ დიალოგს.

როგორ ხედავთ თანამედროვე ხელოვნების სივრცის როლს რეგიონის, ბათუმის კულტურულ ცხოვრებაში?
– ჩვენს სივრცეს ვხედავ, როგორც რეგიონულ კულტურულ ჰაბს, სადაც ახალგაზრდა დამწყები და უკვე აღიარებული ხელოვანები ქმნიან, აზიარებენ და განავითარებენ თანამედროვე ხელოვნებას. ჩვენი ამბიციაა, გავხდეთ ცენტრი, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და უცხოელ ტალანტებს და ქმნის ისეთ კულტურულ ბრენდს, რომელიც ბათუმს ხელოვნების რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს მიუჩენს.

თქვენ ძირითად ღირებულებებ და საქმიანობის პრიორიტეტებ. . .
– ღირებულებები ემყარება ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და ინოვაციას. გვჯერა ღიაობის – დიალოგის სხვადასხვა კულტურასა და თაობას შორის, თანამშრომლობის – ხელოვანებსა და საზოგადოებას შორის. დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალიზმსა და ეთიკას, რაც ჩვენი საქმიანობის ხარისხს განაპირობებს.

რა გეგმები გაქვთ?
– „მომავალი სეზონი იქნება აქტიური როგორც გამოფენების, ისე საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით. ვგეგმავთ ვორქშოპებს, გასვლით ტურებს და გაცვლით პროექტებს, რათა ხელოვანები, დამწყებიც და პროფესიონალიც, კიდევ უფრო განვითარდნენ. ასევე გრძელდება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ბათუმის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო კულტურულ რუკაზე“.

– მიმდინარე გამოფენის შესახებ რას ეტყოდით საზოგადოებას?
– გამოფენა თვის ბოლომდე გაგრძელდება. მოვუწოდებ ყველას, მობრძანდნენ ჩვენს სივრცეში, იხილონ და შეიგრძნონ ახალი თაობის შემოქმედების ძალა და სიძლიერე. „პრიზმა“ მხოლოდ გამოფენა არ არის, ეს არის სუფთა, ცოცხალი შეხვედრა იდეებსა და ხედვებს შორის.

 

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • აგვისტო 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *