
„სკოლა – ბორბლებზე“ – საინტერესო შემოქმედებითი პროექტი მოზარდებისთვის
ეს პროექტი, რომლის ავტორი სატელევიზიო სკოლის ხელმძღვანელი თეონა გორგოშაძეა, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონკურსში მონაწილეობისთვის 300-დან 35 საუკეთესო აპლიკანტი შეირჩა.
„სკოლა – ბორბლებზე“ აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულია და მისი მიზანი მოზარდებში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, თეატრალური და სახვითი ხელოვნების მიმართულებით უნარების გაუმჯობესება, ციფრული მედია მიმართულებით კი ციფრული ეპოქისთვის დამახასიათებელი გამოწვევების მართვა და საკეთილდღეოდ გამოყენებაა. პროექტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და ამავდროულად, სათავგადასავლოა, რომელიც ახალგაზრდებს შთააგონებს, გახდნენ აქტიური მოქალაქეები, გაითავისონ სოციალური პასუხისმგებლობა, იყვნენ კულტურული ფასეულობების დამცველები, გახდნენ შემოქმედებითი მოაზროვნეები.
პროექტი არაფორმალური განათლების პრინციპებს და მოძრავ სასწავლო გარემოს ეფუძნება. მის ფარგლებში მონაწილეები გონიო-აფსაროსის ციხეს ეწვივნენ, გაეცნენ კულტურული ძეგლის ისტორიას, დაათვალიერეს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები, მიღებული ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გააცოცხლეს, შექმნეს კომიქსები. ანუ, ეს იყო ,,სწავლა ქმედებით“ – მათ ადგილზე დაწერეს სტატიები ისტორიული ძეგლის შესახებ,
პროექტის დასკვნითი ღონისძიება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
მოზარდები მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „მოგზაურობა დროში – ძველი ეპოქიდან ციფრულ რეალობამდე“ წარდგნენ . მათ თამარ მეფის „ოქროს ხანა“ გააცოცხლეს, მოაწყვეს კომიქსის პრეზენტაცია.
სპექტაკლს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, პროექტის მონაწილეთა მშობლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
– „სკოლა – ბორბლებზე“ ინოვაციური და უნიკალური პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არ ხდება მხოლოდ რუტინულ ოთახში. ჩვენ არა მარტო სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილზე ვმოგზაურობთ, არამედ საკუთარი ქვეყნის ისტორიაშიც. მოსწავლეებმა სპექტაკლში გააცოცხლეს ჩვენი ქვეყნის „ოქროს ხანა“ – თამარ მეფის ეპოქა, ასევე, მათ პროექტის ფარგლებში აქტივობებით ნასწავლის გაციფრულება შეძლეს, რაც ასევე საინტერესო იყო, – გვითხრა თეო გორგოშაძემ, რომელმაც მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აჭარის კულტურის სამინისტროს, არაერთ დაწესებულებას, პერსონალურად იმ ადამიანებს, ვინც მათ თანადგომა გამოუცხადა.
– პროექტი, რომელიც აჭარის კულტურის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული, თავისი შინაარსით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მასში მოზარდი თაობა მონაწილეობდა. სამინისტრო მუდამ მზადაა მსგავსი პროექტების დასაფინანსებლად. მადლობა იდეის ავტორს. ეს იყო ერთგვარი დიალოგი ჩვენს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, მდიდარ ისტორიასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის. მოსწავლეებმა შეძლეს თანამედროვე ინოვაციური მეთოდების საშუალებით, საქართველოს ძალიან ღირსეული ეპოქა გაეცოცხლებინათ, – აღნიშნა აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძემ.
– ამ პროექტით ბევრი ისეთი რამ გავიგეთ, რასაც სკოლაში ვერ ვისწავლით, იგი ძალიან მცირე დროში დადგმული სპექტაკლით დავაგვირგვინეთ. მივიღეთ ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ არ გავჩერდეთ, – გვითხრა პროექტში მონაწილე ნინა როყვამ.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა
