
„ევროვიზიას“ ვენა უმასპინძლებს
„ევროვიზიის“ 70-ე მუსიკალურ კონკურსს 2026 წლის მაისში ავსტრიის დედაქალაქი ვენა უმასპინძლებს. მასპინძელი ქალაქი ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ORF-მა და ევროპის მაუწყებელთა კავშირმა EBU-მ შეარჩიეს. „ევროვიზიის“ 70-ე კონკურსის ფინალი 16 მაისს ავსტრიის უმსხვილეს დახურულ არენაზე, Wiener Stadthalle-ზე გაიმართება.
„ევროვიზია“ ვენაში მესამედ ტარდება. პირველად ავსტრიამ ღონისძიებას 1967 წელს უმასპინძლა მას შემდეგ, რაც 1966 წლის კონკურსში უდო იურგენმა გაიმარჯვა. მეორედ ვენაში „ევროვიზია“ 2015 წელს ჩატარდა 2014 წლის კონკურსში კონჩიტა ვურსტის წარმატების შემდეგ, წელს კი ავსტრიის წარმომადგენელი 25 წლის JJ იყო, რომელმაც სიმღერა Wasted Love შეასრულა და ბაზელში გამართული კონკურსის გამარჯვებული გახდა.
„ვენის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მუსიკალური ქალაქის, რეპუტაცია და ადგილმდებარეობა ევროპის გულში, მას „ევროვიზიის“ სიმღერის 70-ე კონკურსის იდეალურ მასპინძელ ქალაქად აქცევს“, – განაცხადა „ევროვიზიის“ კონკურსის დირექტორმა მარტინ გრინმა.
ვენის მერი მიხაელ ლუდვიგი მიესალმება დედაქალაქში მსოფლიოს ქვეყნების წარმომადგენლების მასპინძლობას.
„ვენაში ვამაყობთ, რომ ჩვენი ქალაქი შეირჩა ევროპის მაუწყებელთა კავშირისა და ORF-ის მიერ მასპინძელ ქალაქად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებისთვის. ჩემთვის, როგორც ვენის მერისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურული ღონისძიებები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, განურჩევლად მათი საფულის ზომისა“, – განაცხადა ავსტრიის დედაქალაქის მერმა.