შეთანხმება შედგა – ბრძოლა თბილისის მოსაგებად ოფიციალურად დაიწყო
By

შეთანხმება შედგა – ბრძოლა თბილისის მოსაგებად ოფიციალურად დაიწყო

ხანგრძლივი მოლაპარაკება დასრულდა, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დაასახელეს. პარტიებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გასულ თვეში გააფორმეს. „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნი ირაკლი კუპრაძე თბილისის მერობის კანდიდატად ამავე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა 18 აგვისტოს, რიყის პარკში წარადგინა. ირაკლი კუპრაძე 2019 წლიდან არის „ლელოს“ წევრი, ამ პარტიას წარმოადგენდა 2020 წელს აჭარის უმაღლეს საბჭოშიც. აღნიშნული პარტიებისთვის იგი ძლიერი კანდიდატია. თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას ალეკო ელისაშვილმა იგი ყოჩს და ფალავანს შეადარა.
„ამ არჩევნებზე, ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უნდა დავაბრუნოთ ხალხის ხმა. არანაირ ბრძოლას ფასი არ აქვს, თუ წინ ყოჩი არ მიგიძღვის, თან ისეთი ფალავანი არ არის, ვისი იმედიც გაქვს. სწორედ ასეთი კანდიდატია ირაკლი კუპრაძე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თავად კუპრაძე ამ გადაწყვეტილებას დიდ პასუხისმგებლობას უწოდებს.
„გულწრფელად გეტყვით, რთული პასუხისმგებლობაა, რომელიც ორმა, ჩემი აზრით, მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად დამაკისრა. ჩვენ ვემზადებით იმ ბრძოლისთვის, სადაც, არ მოვერიდები ამ სიტყვას, უნდა გამოვგლიჯოთ თბილისი, დიახ, უნდა გამოვგლიჯოთ თბილისი უსამართლობასა და უკანონობას,“ – განაცხადა კუპრაძემ. „ლელოს“ წევრები აცხადებენ, რომ ირაკლი კუპრაძე ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს და ერთად დაიბრუნებენ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს.
შეგახსენებთ, ბოლო დროს მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერობის მთავარ კანდიდატებად კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ალეკო ელისაშვილი და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შარაშიძე განიხილებოდნენ. ასევე, „ლელოს“ მერობის სავარაუდო კანდიდატად მომღერალი მერაბ სეფაშვილიც მოიაზრებოდა, მეტიც -„ლელომ“ მომღერლის პოლიტიკური რეიტინგის დასადგენად იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციას კვლევაც დაუკვეთა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შეთანხმება ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც თბილისის მერობის კანდიდატად უნდა წარედგინათ ნეიტრალური და პოლიტიკური წარსულის არმქონე ადამიანი, თუმცა, როგორც ვხედავთ, ასე არ მოხდა.
ირაკლი კუპრაძის კანდიდატურას აფასებენ თანაგუნდელები აჭარიდან. „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრს და ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გენო თებიძის შეფასებით იგი სუფთა და მებრძოლი ადამიანია.
„თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძეა, სუფთა და მებრძოლი! წარმატება ირაკლი კუპრაძეს და დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევასაც წარმატებით გაართმევს თავს! წინ დიდი გამარჯვებისკენ“, – წერს სოციალურ ქსელში გენო თებიძე.
„ლელოს“ აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ არჩილ ბერიძის თქმით კი, ირაკლი კუპრაძე ქვეყნისთვის მხოლოდ კარგს გააკეთებს.
„5 წელზე მეტია, თანამებრძოლები და თანამოაზრეები ვართ! ვიცი, რომ ღირსეული და მებრძოლი ადამიანია და ისიც ვიცი, რომ ქვეყნისთვის (და თბილისისთვის) მხოლოდ და მხოლოდ კარგს გააკეთებს“, – წერს სოციალურ ქსელში არჩილ ბერიძე.
კანდიდატურას, ასევე, აფასებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც თვითმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობენ. პარტია „ ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ კუპრაძემ დიდი შეცდომა დაუშვა.
„როდესაც საკუთარი და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო. მის კანდიდატურას დიდი გამოცდა ელის და, დამატებით, ოპოზიციიდან არ დავიწყებდი ამ გასაჭირში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციის ბედის შეფასებას. მგონია, რომ კატასტროფული შეცდომა დაუშვა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ოპოზიციის კანდიდატი განხილვის თემაა მმართველ გუნდშიც.
„ამ ადამიანმა მაშინ გაიუფასურა თავი, როდესაც მემარცხენე ადამიანის უფლებების დამცველი შეუერთდა თაღლითების პარტიას. სრულებით არ აქვს მნიშვნელობა, ვისი სახით მოგვევლინება ეს ორი გაერთიანებული, იდეოლოგიურად „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებზე. არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი და აბსოლუტური გამარჯვებით“, – ასე შეაფასა ირაკლი კუპრაძის კანდიდატურა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
კოალიციის კანდიდატურასა და ზოგადად, საარჩევნო გარემოს აფასებენ „ხალხის ძალაშიც“.
„ზოგადი საარჩევნო გარემო, ამ ეტაპზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის მშვიდი. რადიკალურმა ოპოზიციამ, პატრონების დაკვეთით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. არ მივესალმები ამ ფაქტს, თუმცა მათ წინასწარ გათვალეს მოსალოდნელი შედეგი და კიდევ ერთხელ დამარცხებას არჩევნებს მიღმა დარჩენა ამჯობინეს. რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, პრინციპში „ლელო-გახარიას“ ტანდემიც „ნაცმოძრაობის“ ერთი საცეცია, რომელიც ცდილობს, ადგილობრივ თვითმმართველობებში რამდენიმე კაცით მაინც შევიდეს და მათთვის ჩვეული სტილით იმოქმედოს. საზოგადოება იმასაც ხედავს, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც გაერთიანდა, ვერ თანხმდება საერთო კანდიდატებზე. თბილისის შემთხვევაში, როგორც იქნა, კონსესუსამდე მივიდნენ, თუმცა რეგიონებში ჯერაც არ წარუდგენიათ თითო-ოროლა ამომრჩევლისთვის ადამიანები, რომლებიც მმართველ გუნდს კონკურენციას გაუწევენ. ოქტომბრამდე დიდი დროც არ რჩება, მმართველი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს! “ – გვითხრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ნინო ცხვარაძემ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი ირაკლი კუპრაძეს კონკურენტად არ განიხილავენ. „ქართული ოცნება“ თბილისსა და ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტში მერისა და საკრებულოს არჩევნების მოსაგებად ემზადება.

თამარ ლამაპარაძე

  • No Comments
  • აგვისტო 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *