
თენგიზ შარმანაშვილი: სუს-ის ხელმძღვანელის შეცვლის მთავარი მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაა
როგორც უკვე ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძემ ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლა. ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა, სუს-ის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასებებზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლის მთავარი მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაა. თქვა, რომ მამუკა მდინარაძეს, როგორც პრაქტიკოს იურისტს, დიდი გამოცდილება აქვს. საკადრო ცვლილებები უსაფრთხოების ახალი ამოცანებიდან გამომდინარე განხორციელდა.
„მდინარაძე გამომძიებელი და ადვოკატი იყო, რომელიც ამ სამართალდამცავ სისტემას სრულად იცნობს, თან არა გარედან, არამედ შიგნიდან. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა ამას აკეთებდა და მას დიდი გამოცდილება დაუგროვდა. პოლიტიკაშიც დიდი გამოცდილება მიიღო, მან საპარლამენტო უმრავლესობა ურთულეს წლებში მართა. უსაფრთხოების ახალი ამოცანებიდან გამომდინარე იყო საკადრო ცვლილებები მიღებული.
ბოლო 13 წელია აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ჩამონგრეულია, სუსტია და ამ დროს მმართველმა პარტიამ ყველა არჩევნები მოიგო. ოთხი რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ და ვერცერთი მოაწყვეს. მათი პროპაგანდისტური შოუები – ჩამოინგრა, დაინგრა, დასუსტდა, ღიმილის მომგვრელია. ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გავლენების გაძლიერება და გადანაწილება ხდება, რასაც ფილიგრანული ტექნიკა სჭირდება, რათა საქართველო ამ მდგომარეობიდან ისე გამოვიდეს, რომ მინიმალური დანაკარგი ჰქონდეს. სასურველია, დანაკარგები საერთოდ არ ჰქონდეს. კავკასიაში დიდი თუ პატარა ქვეყნების გავლენების შეჯახება ახალ ძალისხმევას მოითხოვს. ხელისუფლება, როგორც აქამდე არ დაუშვა შეცდომები და ქვეყანა დიდ უბედურებას ბევრჯერ გადაარჩინა, ამ მიმართულებით გააგრძელებს მოძრაობას. შიგნით თუ გარეთ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს თავისი ინტერესები აქვს, რაც ყველაფერზე მაღლაა. საგარეო ინტერესები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ გადაფარავს. გუნდის შიგნით გადათამაშებაში ტრაგედია არაფერია, ეს ნორმალურია. დარწმუნებული ვარ, ანრი ოხანაშვილი მისი ინტელექტიდან გამომდინარე, საქართველოსთვის დიდ სამუშაოს შეასრულებს. რა არჩევნებზეა საუბარი, ხედავთ, როგორი მოშლილია ოპოზიცია – ერთმანეთს იმდენ უბედურებას მართებენ, ჩვენი ჩარევა და დედამიწაზე არავის ჩარევა არ სჭირდებათ, ერთმანეთს თავად უღებენ ბოლოს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
გალერეა
