ბათუმელებმა მაკედონიაში გვასახელეს
By

ბათუმელებმა მაკედონიაში გვასახელეს

მაკედონიაში ტრადიციულად, ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური კონკურსი „MUSICLAN“-ი ტარდება და მასში 30-35 ქვეყანა მონაწილეობს. მისი ხელმძღვანელი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი ტონია ლექსოვსკი გახლავთ ოჯახთან ერთად. წელს კონკურსს 25 წელი შეუსრულდა.

კონკურსი მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში, სასტუმრო „მეტროპოლისში“ ოთხ დღეს მიმდინარეობდა.

საქართველოდან საერთაშორისო ჟიურიში კომპოზიტორი გიული კუბლაშვილი მიიწვიეს.

ქალბატონი გიული ბათუმელია, სიმღერებს ბავშვობიდან წერს. დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი, შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო. თავის დროზე რობერტ ბარძიმაშვილმა, გაიგო რა იმის შესახებ, რომ სიმღერებს წერდა, სტუდია „ლახტიში“ პედაგოგად მიიწვია. მოგვიანებით მას საკუთარი სტუდიაც ჰქონდა – „ოქროს ხმები“, სადაც ბევრი კარგი მომღერალი გაიზარდა, მათ შორის, თამუნა მიქელაძე. პარალელურად, მუშაობდა ბათუმის უნივერსიტეტში ვოკალური ანსამბლის ხელმძღვანელად, ამჟამად, მომღერლებთან ინდივიდუალურადაც მუშაობს. ვოკალური სკოლა აქვს როგორც ბათუმში, ასევე, თბილისშიც, სადაც ოჯახი ცხოვრობს.

24 წლის იყო, როცა მიუზიკლის – „კომბლე ქალაქში“ მუსიკის შესაქმნელად რეჟისორმა ეთერ თავართქილაძემ მიიწვია, დაწერილი აქვს მუსიკა როგორც თოჯინური, ისე მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებისთვის.

შარშან მის მუსიკაზე კლიპი გადაიღეს სახელწოდებით „საჩუქარი ბათუმს“, რომელშიც არაერთი წარმატებული ბათუმელია წარმოდგენილი. კლიპის პრეზენტაცია საზაფხულო თეატრის წინ შედგა. გიული კუბლაშვილს ორი საავტორო კონცერტი აქვს გამართული – ერთი ხელოვნების ცენტრში და ერთიც ბათუმის დრამატულ თეატრში. ახლა მესამესთვის ემზადება.

რაც შეეხება მაკედონიაში გამართულ კონკურსს, წარმატებულ მომღერალთა გალა კონცერტი ქალაქ ბიტოლას სახალხო თეატრში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ კონცერტის გახსნის პატივი ბათუმელ მარიტა ცეცცხლაძეს ერგო. საქმე იმაშია, რომ მარიტას 2019 წელს ამ კონკურსზე გრანპრი აქვს მოგებული და როგორც გიული კუბლაშვილმა გვითხრა, ის იყო პირველი მომღერალი, რომელმაც კონკურსის არსებობის 25 წლის განმავლობაში, არაკონკურსანტებიდან, გალა კონცერტზე იმღერა, მან დიდი მოწონება დაიმსახურა. კონცერტი მარიტამ ძალიან ცნობილი სიმღერით – „არგენტინა“ გახსნა და დარბაზი, მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე, დიდხანს არ უშვებდა სცენიდან.

– ვღელავდით ჩვენი კონკურსანტის მარიამ ბოლქვაძის გამო, რადგან მას ორკესტრთან ერთად პირველად უნდა ემღერა. 13 წლის მარიამმა ბიტოლას სახალხო თეატრში სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად მსოფლიო ჰიტი ბარბარა სტრეიზანდის „მემორი“ – შეასრულა. მან ასევე იმღერა ეთნო ჯაზი – ქართული „ხორუმი“. მარიამმა პირველ კატეგორიაში – მსოფლიო ჰიტის საუკეთესო შესრულებისთვის, პირველი ადგილი აიღო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მარიტა ცეცხლაძემ, ჩემთან ერთად, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მარიამის წარმატებაში. როგორც საუკეთესო შემსრულებელი, ის მარიამს მასტერკლასს უტარებდა, – გვითხრა გიული კუბლაშვილმა.

კონკურსში არაერთი ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბოსნია – ჰერცოგოვინა, ლატვია, ლიეტუვა, ბულგარეთი, უკრაინა, მალტა, სერბია… საქართველოდან, ბათუმელების გარდა, ფოთელი მუსიკოსებიც იყვნენ წარმოდგენილი.

როგორც ვთქვით, გიული კუბლაშვილი საერთაშორისო ჟიურის წევრი გახლდათ და სპეციალური პრიზითაც დააჯილდოვეს. სასიხარულოა, რომ ქალბატონი გიული უკვე მიიწიეს საერთაშორისო ჟიურიში კოსოვოს, მალტის, სკოპიესა და რიგის კონკურსებზე, მისი მოსწავლე – მარიამ ბოლქვაძე კი ამჟამად ახალი კონკურსისთვის ემზადება.

 

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • აგვისტო 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *