ირანის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მისცეს
By

ირანის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მისცეს

ავსტრალიის ხელისუფლებამ თეირანი ანტისემიტურ თავდასხმებში დაადანაშაულა და ირანის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მისცა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრალიიდან ელჩის პირველი ამგვარი გაძევებაა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანიზის განცხადებით, ავსტრალიის უსაფრთხოების სადაზვერვო ორგანიზაციამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ირანს კავშირი აქვს ცეცხლის განზრახ გაჩენის, სულ მცირე, ორ შემთხვევასთან სიდნეისა და მელბურნში.

ორ მამაკაცს წაუყენეს ბრალი დეკემბერში მელბურნის გარეუბანში ერთ-ერთი სინაგოგისთვის ცეცხლის წაკიდების საქმეზე. მეორე შემთხვევა იანვარში მოხდა, როდესაც ხანძარი  გაუჩნდა სიდნეის გარეუბანში კოშერულ რესტორანს. ავსტრალიის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ, ირანი ხელმძღვანელობდა მომდევნო თავდასხმებსაც.

„ეს იყო აგრესიის განსაკუთრებული და საშიში აქტები, რომლებიც უცხო ქვეყნის მიერ ავსტრალიის მიწაზე იყო ორგანიზებული. ეს იყო სოციალური ერთიანობისთვის ძირის გამოთხრისა და ჩვენს საზოგადოებაში უთანხმოების დათესვის მცდელობები“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტმა და მთავრობის მიერ  ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დააანონსა.

ენტონი ალბანიზის განცხადებით, ავსტრალიის საელჩომ თეირანში მუშაობა შეაჩერა და ყველა თავისი დიპლომატი უსაფრთხოდ გადაყვანილია მესამე ქვეყანაში.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პენი ვონგის განცხადებით, ირანის ელჩ აჰმად სადეგისა და ირანის საელჩოს სამ თანამშრომელს ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მისცეს.

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმისა და ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ავსტრალიაში საცხოვრებელ სახლებზე, სინაგოგებზე, სკოლებსა და მანქანებზე ანტისემიტური თავდასხმები განხორციელდა, ასევე, გაიზარდა ისლამოფობიური შემთხვევების რაოდენობა.

  • No Comments
  • აგვისტო 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *