
ირაკლი ცეცხლაძე ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა
ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე, წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, სოფელ ხალასა და გორგაძეების მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
მისი განცხადებით, მხარდამჭერებთან გულთბილი შეხვედრა შედგა. მან ქობულეთში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ხალას მცხოვრებლებს ამ გულთბილი შეხვედრისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც თითოეული თქვენგანისგან ნამდვილად იგრძნობოდა. ხალას ადამინისტრაციული ერთეული გამორჩეულია თავისი ტურისტული პოტენციალით. აქ მდებარეობს მტირალას ეროვნული პარკი. წლიდან წლამდე ამ ლოკაციის პოპულარობა მზარდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბევრი სიახლე შევთავაზოთ აქ ჩამოსულ ვიზიტიორებს. იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – მოწესრიგდა და კეთილმოეწყო ხალას ცენტრი, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, შიდა სასოფლო გზებზე იგება ბეტონის საფარი.
მოსახლეობასთან ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, მოვისმინეთ, რა საჭიროებები დგას მათ წინაშე. ჩვენ აუცილებლად შევისწავლით თითოეულ საკითხს, ვიმუშავებთ, რათა შესაძლებლობის ფარგლებში ყველა პრობლემა დროულად მოგვარდეს.
თქვენ გვერდით ამ დიდ და საპასუხისმგებლო ბრძოლაში შესვლა, ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა, რომ გავაკეთო უფრო მეტი, ვიმუშაო ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ“ , – წერს ირაკლი ცეცხლაძე.