საგანმანათლებლო დაწესებულებებს 31 700  აბიტურიენტზე მეტი შეუერთდება
By

საგანმანათლებლო დაწესებულებებს 31 700  აბიტურიენტზე მეტი შეუერთდება

2025 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88%-ს შეადგენს, სახელმწიფო დაფინანსება კი   11 600-ზე მეტმა გამოსაცდელმა მიიღო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა  გივი მიქანაძემ  ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება მიულოცა.

„თითოეულს გილოცავთ მიღწეულ წარმატებას – მართლაც საამაყოა, რომ თქვენი ცოდნისა და შესაძლებლობის დემონსტრირებით დღეს დამსახურებული ადგილი დაიკავეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სულ რამდენიმე კვირაში უკვე ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს დაიწყებთ.

ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ მშვიდობითა და ღირსებით ძლიერი სახელმწიფოს შენება და სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვის სადავეები უნდა გადაიბაროთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა სტუდენტთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 11 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა საგრანტო დაფინანსება, რაც მათი შრომის, პედაგოგებისა და ოჯახის ძალისხმევის დაფასების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

„უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. ამის დასტურია სხვადასხვა ინიციატივა, რომლებსაც ვახორციელებთ, მათ შორის, სოციალური პროგრამა. მოგეხსენებათ, ყოველ წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება არაერთი სტუდენტი. აქ იგულისხმება სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლები, მრავალშვილიანი – 4 და მეტი შვილი – ოჯახის წევრები, მაღალმთიან რეგიონებსა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები და სხვა. ეს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მომავალი თაობებისადმი და მათი ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *