
ალექსი ახვლედიანის ადვოკატი ლალი აფციაური საქმის შეწყვეტას მოითხოვს
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის ადვოკატის ლალი აფციაურის განცხადებით, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის პიჯაკიდან ამოღებული წერილი მისი დაწერილია.
როგორც აფციაურმა აღნიშნა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მას რამდენიმე დღის წინ გადაეცა. აფციაური სასამართლო პროცესზე საქმის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებს.
„ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ წერილი ბატონი რიჟვაძის მიერ არის დაწერილი, რაც მნიშვნელოვანია. მასალებთან ერთად, როცა მტკიცებულებები გამიცვალეს, რამდენიმე დღის წინ, ექსპერტიზის დასკვნაც გადმომეცა.
თქვენ „ფანჩატურს“ კი ამბობთ, მაგრამ ეს ფანჩატური დახურულია, იკეტება კარი, ღია სივრცე არაა. მან სულ რამდენიმე წამით დატოვა იქ თავისი ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ცეცლსასროლი იარაღი – შევიდა აბაზანაში ხელის დასაბანად, იქ ჩანთას არ წაიღებდა, დამეთანხმებით. ეს თუ დაუდევრად შენახვად ჩაითვლება, ამაზე არსებით განხილვაზე ვიმსჯელებთ. საქმის შეწყვეტას მოვითხოვთ.
ბატონი რიჟვაძე ამ ეტაპამდე გამოკითხული არ არის. საქმეში დევს დოკუმენტები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა აფციაურმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო.