გიორგი ფუტკარაძე: მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ
By

გიორგი ფუტკარაძე: მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ

გიორგი ფუტკარაძე 4 წელია შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელია ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში. სოფელ მახალაკიძეების მკვიდრს, საზოგადოება წარმატებულ საჯარო მოხელედ, ყველას ჭირ-ვარამის გამზიარებლად იცნობს. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ოლადაურის საარჩევნო ოლქში. გიორგი ფუტკარაძე გაკეთებულსა და გასაკეთებელზე გვესაუბრა.

– თვითმმართველობის წინა არჩევნებზე შუბნისა და ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულები ერთ ოლქად იყო წარმოდგენილი. 4 ოქტომბრის არჩევნებზე, ცალ-ცალკე ოლქებად დაიყო. მადლობა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ მმართველ ბირთვს, რომ პატივი დამდო და ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა.

ნდობა გამართლებას ითხოვს

– მამა, შაქრო ფუტკარაძე, წლების განმავლობაში ოლადაურის თემის ხელმძღვანელი იყო. იგი უკურნებელმა სენმა შეიწირა. დედა, ეთერ მიქელაძე, ნახევარ საუკუნეზე მეტია, ექთნის პოზიციაზე მუშაობს. ამჟამად მახალაკიძეების თემის სამედიცინო პუნქტისა და სოფლის ბაგა-ბაღის ექთანია. მე უკვე სტუდენტის მამა ვარ, დღემდე აქტიური ცხოვრებისეული პოზიციით მოვდივარ. ვაკეთებ ქვეყნისა და კუთხისთვის სასარგებლო საქმეებს. წინასწარ გაუაზრებელ დაპირებებს არ ვიძლევი. იციან ამომრჩევლებმა, ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მათ პრობლემებს როგორი გულმოდგინებით მივუდგები. თუნდაც ამიტომ, მათი იმედი მაქვს.

უკვე ყველა სოფელში, პროპორციული სიის სხვა კანდიდატებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეთ. რას ითხოვს ხალხი?

– პირველ რიგში, ქვეყნად მშვიდობას. ისინი მადლობას უხდიან მმართველ პარტიას საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, ქვეყნის წინსვლისთვის ეკონომიკის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით. მთაში მცხოვრები ადამიანები ბუნების ჭირვეულობას შეჩვეულები არიან. ჩვენი ვალია, მათ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ ცხოვრებისთვის, შრომისთვის, საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ნორმალური პირობები ჰქონდეთ. გზა, წყალი, ენერგეტიკული რესურსების შეუფერებლად მიწოდება კვლავ აქტუალურია. მისასალმებელია, რომ ყველა სოფელში ასფალტ-ბეტონისსაფარიანი გზები გვაქვს. თემის ხელმძღვანელად მუშაობის წლებში დადებითად გადაწყდა სოფელ კარაპეტის სასმელი წყლით მომარაგება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, შუახევის საკრებულოს წევრ ვახტანგ ფუტკარაძის და ჩვენი აქტიურობით, სასმელი წყალი გამოგვყავს სანალიას მთიდან. მისი დასრულების შემდეგ, სოფელ გორს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით შეკეთდა სოფელ მაწყვალთის სარწყავი არხი. ამომრჩეველთა ერთი ნაწილი საცხოვრებელი სახლების, დამატებითი სათავსოების შესაკეთებლად, სახურავის შესაცვლელად თანხებს ითხოვს. ისევ დიდია მოთხოვნა სამასალე მერქანზე. ერთ დროს 100-მდე მთის სახლი იყო სანალიას მთაში. ამ მთის მიმდებარედაა კილდიჯვრის გამოქვაბულები. სანალიას მთაში საავტომობილო გზა გავიდა, მაგრამ ტურისტული კერა ისევ რთულად მისადგომია, დიდ ენერგიას და დროს ითხოვს. გამოქვაბულებამდე მისასვლელი საავტომობილო გზის გაყვანა საშვილიშვილო საქმე იქნება. მოქმედებაშია მაწყვალთის მთა. აქ ზაფხულს მაწყვალთისა და კარაპეტის მოსახლეობა ატარებს. აქაა დავანებული სახალხო დღესასწაული „ქუშინარობა“. საავტომობილო გზის რიგი მონაკვეთები შესაკეთებელია. მთა ჩირუხი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალში უკვე ჩართულია. ოლადაურის, პაპოშვილების, მახალაკიძეების მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულს იქ ატარებს. აქაურობის სურვილია, ჩირუხი, გოდერძის მსგავსად, ოთხი სეზონის კურორტი გახდეს. შესანიშნავი ბუნება, კარგი გარემო, ნორმალური საავტომობილო გზა ამის საშუალებას იძლევა. ამ მთასა და მის შემოგარენში საუკუნეა ტარდება სახალხო დღესასწაული „შუამთობა“. აწ გარდაცვლილი ქართველოლოგის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერ ტარიელ ფუტკარაძის ინიციატივით, რამდენიმე წელია, დაფუძნდა მეორე სახალხო დღესასწაული „კუტიჯვარობა“. ჩირუხში ტარდება ოფროუდ-ფესტივალი. ამომრჩეველი ტყის რესურსების დაცვას და მიზნობრივ გამოყენებასაც ითხოვს. მეწყრული პროცესები, ზვავები ოლადაურის, მახალაკიძეების, პაპოშვილების მკვიდრთათვის უცხო არაა. გვახსოვს ის წლებიც, როცა ზვავის ჩამოწოლას ნგრევა მოჰყვა და სტიქიამ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე გაგრძელდება დამცავი ჯებირების, ფერდსამაგრი კედლების, გაბიონების, ხიდების მშენებლობა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი თანხები გამოჰყო სტიქიის შედეგების პრევენციულ და სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის.

ისტორიამ მრავალი ადამიანის სახელი შემოგვინახა, რომლებმაც საპატიო ადგილი დაიმკვიდრეს ერისა და კუთხის ცხოვრებაში. რას აკეთებთ მათი საქმიანობის წარმოსაჩენად?

– აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნებაში, კუთხის ეკონომიკურ და კულტურულ წინსვლაში თავისი დიდი წვლილი გაიღეს ოლადაურელმა ლომან ქარცივაძემ, ნური ბერიძემ, ახმედ მაკარაძემ. ოლადაური ის სოფელია, სადაც მათი დამსახურებით ახლანდელი შუახევის რაიონის ტერიტორიაზე, პირველი ქართული სკოლა (1915 წ ) აღადგინეს. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ ოლადაურელი მერაბ ქარცივაძე, მახალაკიძეებელი ფრიდონ მახარაძე, კარაპეტელი რომან ზოიძე. ნაჭივრზე გაკეთდა მემორიალი მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად. დამოუკიდებელი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ღირსეული წევრი იყო ოლადაურელი ღირსების ორდენოსანი, „საპატიო შუახეველი“ ფრიდონ ქარცივაძე, მისი სახელობისაა ნაჭივრის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ხეივანი. სოფლებში გვაქვს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა მემორიალები. ამაგი უნდა დავუფასოთ მაწყვალთელ ტარიელ მაკარაძეს, მიხეილ ზოიძეს, ოლადაურელ სოლომონ, ელგუჯა, არჩილ მაკარაძეებს და აკაკი ბერიძეს, ქალბატონ ნათელა ქარცივაძეს. ჩვენი ვალია, სახელოვან ადამიანებს მეტი პატივი მივაგოთ. კარგად მახსოვს გაზეთ „აჭარაში“ ჟურნალისტ ოთარ ცინარიძის სტატია, სადაც ავტორი სოფლებში ღირსეული ადამიანების სტენდების გაკეთებას, საფლავების კეთილმოწყობას ითხოვდა. დადგა დრო, ამ წამოწყებას საქმით გამოვეხმაუროთ. წარსულის ცნობილ სახეებთან ერთად, მეტი მოფერება და თანადგომა სჭირდებათ ისეთ სახელოვან ადამიანებს, როგორებიც პროფესორები სოლომონ ფუტკარაძე, ვლადიმერ მახარაძე, მწერალი აკაკი მახარაძე, ბიზნესმენი ზურაბ ფუტკარაძე, სამხედრო მოსამსახურე, ბრიგადის გენერალი მალხაზ მაკარაძე, ქალბატონი ნადია მაკარაძე არიან. თემის ტერიტორიაზე, მეჩეთებთან ერთად, გვაქვს წმიდა გიორგის სახელობის გამონათლევის ეკლესია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მისი აშენებისთვის დიდი თანხა გაიღო ცნობილმა ექიმმა და ბიზნესმენმა სოლომონ ფუტკარაძემ. დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ადრინდელის მსგავსად, ურთიერთობები მექნება კარაპეტის, მაწყვალთის, ოლადაურის, მახალაკიძეების, პაპოშვილების სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან, შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორულ ანსამბლ „მარეთის“ ხელმძღვანელ ავთანდილ დარჩიძესა და ანსამბლის წევრებთან. ერთობლივი ძალებით გავმართავთ შეხვედრებს სახელოვან ადამიანებთან. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს ვინ ვართ და საიდან მოვდივართ.

როგორ შეაფასებთ სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მუშაობა?

– უკვე ყველა საპროექტო პროცესი დასრულებულია და მომავალში სოფელ გორში თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება. ამ სოფელში, ასევე, ოლადაურში, მაწყვალთაში ალტერნატიული ბაგა-ბაღებია. იმ ხუთი სკოლამდელი დაწესებულებიდან, რომლებიც შუახევში პირველად გაიხსნა, ერთი მახალაკიძეების საბავშვო ბაგა-ბაღი იყო, ხის უსახური შენობა. ახლა ამ სოფელში თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი სკოლამდელი დაწესებულება გვაქვს კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული. ყველა საჯარო სკოლაში ადგილობრივი, მეტწილად სერტიფიცირებული პედაგოგები მუშაობენ. ისინი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ და ღირსეულ თაობებს ზრდიან. მართალია, სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ სოფლების კეთილმოწყობა, მოსახლეობისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნა სასიკეთო გავლენას იქონიებს სოფლად მოსახლეობის დამაგრებასა და ადამიანების რაოდენობის ზრდაზე.

დაბოლოს, ოპოზიციური პარტიების კანდიდატურებზე რას გვეტყვით?

– ამომრჩეველთა მხარდაჭერას რომ ითხოვ, როცა დიდი არაფერი გაგიკეთებია, სასურველ შედეგსაც ნუ ელოდები. ეს შემიძლია ვთქვა ოპოზიციონერებზე.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *