
„ყოველთვის დავაფასებ განსხვავებულ აზრს“
4 ოქტომბრის არჩევნებში შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ნომრად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დასახელებულია იაგო დავითაძე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა, „ქართული ოცნების“ რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა შუახეველებს იგი ჯერ კიდევ აგვისტოში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ ომარ ტაკიძესთან ერთად წარუდგინა. მასთან საუბარი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ჩავიწერეთ.
– ქვეყნის სამსახურში ყოფნა ყველა ქართველის ვალია და დღემდე მეც ასე მოვედი. ჩემთვის არ არსებობს დიდი და პატარა თანამდებობა, დიდი და პატარა საქმე. როცა მმართველმა პარტიამ, რეგიონალური ორგანიზაციის ხელმღვანელობამ საჭიროდ ცნო ჩემი მომავალი საქმიანობა წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, შემოთავაზებაზე უარი არ მითქვამს. ეს შინაგანი განწყობის კარნახია. ახალი გზაა პოლიტიკა ჩემს ცხოვრებაში. ეს სფერო სავსეა გამოწვევებითა და პასუხისმგებლობით, მაგრამ ამავე დროს -უდიდესი შესაძლებლობებითაც. ჩემს გამოცდილებას, პროფესიონალიზმსა და იმ ღირებულებებს, სხვა სფეროში რომ დამიგროვდა, კვლავ საზოგადოების სამსახურს მოვახმარ.
– წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევამდე რიგი ბარიერებია გადასალახი. ჯერ ამომრჩეველმა პროპორციულ სიას მხარი უნდა დაუჭიროს, პირველ სხდომაზე არჩეულმა დეპუტატებმა არჩევანი თქვენ სასარგებლოდ უნდა გააკეთონ…
– შუახევი, მშობლიური გოგაძეები, აქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ეკონომიკური და სოციალური ძვრები, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროებში არსებული მიღწევები ჩემთვის უცხო არ არის და ვერც იქნება. წარდგენის დღიდან მოყოლებული აქტიურ წინასააჩევნო კამპანიას ვაწარმოებ მერობის კანდიდატ ბატონ ომარ ტაკიძის, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, პროპორციული სიის კანდიდატების, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის როსტომ ლორთქიფანიძის, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების ანზორ ბოლქვაძის, ფრიდონ ფუტკარაძის ჩართულობით. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის პოზიციამდე მისასვლელად რამდენიმე ეტაპის გადალახვაა საჭირო – ჯერ ამომრჩევლის ნდობა უნდა მოვიპოვო, შემდეგ კი უკვე არჩეული დეპუტატების მხარდაჭერა. ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაცია მაძლევს საშუალებას, გავიგო მათი რეალური საჭიროებები და პრობლემები, კოლეგებთან თანამშრომლობა კი კონსენსუსის, გუნდურობისა და პატივისცემის დამტკიცების შესაძლებლობაა. ამ გზაზე მთავარი პრინციპი ჩემთვის არის გამჭვირვალობა, გულწრფელობა და პროფესიონალიზმი. ვთვლი, რომ თუ შევძლებთ ნდობის მოპოვებას, ბარიერები ბუნებრივად გადაილახება. როგორც ამ რაიონის მკვიდრი, ამ კუთხის შვილი თვალნათლივ ვამჩნევ იმ კეთილ დამოკიდებულებას, რაც ამომრჩევლებისგან მოდის და ეს უპირველესად, არის მადლიერება იმ საქმიანობის გამო, რაც მმართველ პარტიას, შუახევის თვითმმართველობას დღემდე განუხორციელებია. ქვეყნის ხელისუფლების პოზიციაა, რომ 64 მუნიციპალიტეტში არჩეული მერები და წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობა „ქართული ოცნების“ რიგებიდან იყვნენ. შუახევში საამისო წინაპირობა არსებობს და 4 ოქტომბრის არჩევნები ამას დაგვანახებს. ჩვენ 9 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარდასაჭერად ვირჯებით. გეტყვით, რომ ფრიდონ, გიორგი ფუტკარაძეები, ემზარ აბაშიძე, ემზარ, გია დავითაძეები, გოჩა მიქელაძე, მალხაზ ტაკიძე, მურად ქათამაძე, სულიკო ბოლქვაძე ღირსეული კანდიდატები არიან და ამომრჩეველთა მხარდაჭერაც ექნებათ. მათგან ხუთს წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობის გამოცდილება აქვს, ამომრჩევლების მხარდაჭერა ჰქონდათ და მწამს, ახლაც ასე იქნება. პროპორციული სიის კანდიდატებიც ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე პიროვნებები არიან. სიის პირველ თხუთმეტ კანდიდატს შორის ოთხი ქალია. „ქართული ოცნების“ საქმიანობის მთავარი პრინციპი გუნდური მუშაობაა. ჩვენც ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. ახლა მთავარია ამომრჩევლებამდე ის პროგრამები და პრიორიტეტები მივიტანოთ, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში განხორციელდა, რათა ამომრჩეველი ერთხელ კიდევ დარწმუნდეს ჩვენი კურსის მართებულობაში და 4 ოქტომბერს შესაბამისი არჩევანი გააკეთოს.
– ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების უმრავლესობაში შეხვედრები უკვე გქონდათ. რას ითხოვს ამომრჩეველი? აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის მთავარი მიმართულებები რა იქნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში?
– მშვიდობიანი თანაარსებობისთვის მუშაობა გაგრძელდება, მშვიდობას კი აღმასვლა, ქვეყნის განვითრება მოჰყვება, რაც სასიკეთოდ აისახება თითოეულ მოქალაქეზე, ოჯახზე. შუახევი მთიანი რეგიონია, ჩვენი თვალი შეჩვეულია ბუნების იმ მშვენიერებას, რაც უფალმა გვიბოძა. გულწრფელად ვიტყოდი, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში დაიწყო მუშაობა ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად, უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტიორების მოსაზიდად. სიამოვნებით ვეთანხმები და მხარს ვუჭერ მერობის კანდიდატის, ბატონ ომარ ტაკიძის პოზიციას ტურისტული პოტენციალის ქვეყნის სამსახურში ჩაყენებაზე. მთები – ჩირუხი, ღომა, ჯვარიმინდორი ჩემთვის კარგად ნაცნობია. გვახსოვს, როგორი იყო ეს ტერიტორიები 9-10 წლის წინ და რა გვაქვს ახლა. ტურისტი მთა ჩირუხში ორზოლიანი ზიპლაინის სანახავად რომ მოვა, ბუნების მშვენიერებით დატკბება, საოჯახო სასტუმროში დაბინავდება და ადგილობრივ კერძებსაც დააგემოვნებს. ეს და სხვა ტურისტული ობიექტები დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს, ადგილობრივების დასაქმებასა და ადგილზე დამაგრებას ხელს შეუწყობს. ეს ერთგვარი ჯაჭვია, რომელიც არ უნდა გაგვიწყდეს. ქვეყნის, ადგილობრივი მოსახლეობის სამსახურში უნდა ჩადგეს მინერალური და სამკურნალო წყლები. შუახევი ისტორიული ძეგლებით, საკულტო ნაგებობებით გამორჩეული მუნიციპალიტეტია. ყველა შუახეველის ვალია, მოვუაროთ ოთოლთას, ნიგაზეულის, ცინარეთის, ოქროპილაურის, მახალაკიძეების, ხიჭაურის (კავიანის) ციხეების ნაშთებს, ჯაბნიძეების, წაბლანის, დარჩიძეების, ფურტიოს, მჭედლურის (მელიქწმინდის) ნაეკლესიარებს, ქართული ორნამენტებით მოხატულ მეჩეთებს.
– გუნდური პრინციპით მუშაობა ახსენეთ…
– სამართალდამცავ სისტემაში მუშაობამ მასწავლა, რომ შედეგს ვერ აღწევს ერთი ადამიანი მარტო – ყველაფერი გუნდის კოორდინირებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. „ძალა ერთობაშია“, „ხელი ხელს ჰბანს და ორივე პირსო“, ხალხს უთქვამს და ხალხის გულსა და გონებაში უკვდავი სიბრძნეა! სწორედ ეს გამოცდილება უნდა გადმოვიტანო წარმომადგენლობით ორგანოში. მზად ვარ, გუნდური პრინციპით ვიმუშაო, კოლეგებთან ერთად, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, საზოგადოების ინტერესს რომ ემსახურება. წინამორბედებს, ამჟამინდელი მერობის კანდიდატს გუნდურად მრავალი საქმე უკეთებიათ. მერიისა და საკრებულოს შეთანხმებული მუშაობა რომ არა, მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური პროექტები და პროგრამები ვერ განხორციელდებოდა. მე და ყველა შუახეველს გვახარებს, რომ მიმდინარე წელს 25 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომელთაგან 7 ახალია. რამდენიმე პროგრამა მოქმედი საკრებულოს წევრების მიერაა ინიცირებული. აღმასრულებელ სტრუქტურაში დასაქმებული მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გურამ ზოიძე საკრებულოში თანამდებობებზე მუშაობდნენ. გურამ ზოიძე პროპორციული სიის პირველ ათეულშია წარმოდგენილი. მჯერა, მისი გამოცდილება, საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტი მუნიციპალიტეტს სასიკეთოდ წაადგება. გუნდური პრინციპით მუშაობა მთავარ მიმართულებად მიმაჩნია.
– საუბარში იკვეთება, რომ წინამორბედების საქმიანობით კმაყოფილი ხართ…
– განა მარტო მე? მოქმედი საკრებულოს საქმიანობით ქვეყნის, რეგიონის ხელმძღვანელობაც კმაყოფილია, რაც კიდეც დაადასტურა მერისა და ჩემი კანდიდატურების წარდგენის დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ბატონმა სულხან თამაზაშვილმა. საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე საუბრისას აღვნიშნე, რომ მათი უმრავლესობა საკრებულოს მოქმედი ან ყოფილი წევრია. პროპორციული სიის ათეულში ჩემი სახელი და გვარია ახალი, გურამ ზოიძე კი ადმინისტრაციული სტრუქტურიდან ბრუნდება. საკრებულოში საპასუხისმგებლო თანამდებობები აქვთ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს გიორგი, ზაზა დავითაძეებს. იმედია, მათთან მუშაობის პატივი 4 ოქტომბერს არჩეულ საკრებულოშიც გვექნება.
– ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფნი ხშირად დაპირისპირებებით იწონებენ თავს... რატომ?
– ჩემი მიზანი არ არის დაპირისპირებით ავტორიტეტის დამკვიდრება. პირიქით – ვთვლი, რომ წარმომადგენლობით ორგანოში ხელმძღვანელის ძალა იზომება არა კონფლიქტებით, არამედ იმით, რამდენად შეუძლია გუნდი გააერთიანოს საერთო მიზნისთვის. დავა და განსხვავებული მოსაზრება ბუნებრივია, მაგრამ ჩემი ამოცანა იქნება, ეს განსხვავება გადავაქციო კონსტრუქციულ დიალოგად და გადაწყვეტილებებად, რომლებიც სასარგებლოა საზოგადოებისთვის. სწორედ ასე ვხედავ პასუხისმგებლობას ამ თანამდებობაზე. მირჩევნია საქმე ვაკეთოთ და სხვებმა, მეტწილად, ჩვენმა ამომრჩეველმა ისაუბროს. წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობას ოთხი წლის ვადით ვაპირებ. ჩვენი გუნდის მიზანი ხალხის სამსახურია, აგრესია და კონფლიქტები სიყვარულმა, შრომამ და წინსვლამ უნდა ჩაანაცვლოს.
– ოპოზიციასთან ურთიერთობის რა ფორმებსა და მეთოდებს ირჩევთ?
– ოპოზიციასთან ურთიერთობას ვუყურებ, როგორც დემოკრატიული პროცესის აუცილებელ ნაწილს. ჩემი მიდგომა იქნება გულწრფელი კომუნიკაცია – ყოველთვის დავაფასებ განსხვავებულ აზრს, რადგან კრიტიკა აძლიერებს გადაწყვეტილების ხარისხს; აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი – მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ვეძებოთ ის გზები, რითაც შესაძლებელია თანხმობა; პრინციპულობა – მმართველობისას არ დავთმობ ძირითად ღირებულებებს, თუმცა ოპონენტებისგან მომდინარე იდეებს მივიღებ, თუ ისინი რეალურად ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს. ვფიქრობ, პოლიტიკა მიზნობრივი არის მაშინ, როცა ოპოზიციას ვუყურებთ არა როგორც მტერს, არამედ როგორც პარტნიორს, რომელიც სხვა კუთხით ხედავს საზოგადოებრივ პრობლემას. პიროვნულ დაპირისპირებებს გამოვრიცხავ. მინდა კონკრეტული და ობიექტური ვიყო. თითოეული ჩვენგანისთვის სამშობლო უპირველესია. მადლობა თქვენი გაზეთის რედაქციას, რომ ჩემთან საუბრისათვის დრო გამონახეთ. მსურს, მომავალშიც მასმედიასთან სიმართლესა და რეალობაზე მორგებული ურთიერთობები მქონდეს.
ოთარ ცინარიძე