
„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ ხულოში საზეიმოდ დაიხურა
ფესტივალის ფარგლებში ვორქშოფები და სპექტაკლები გაიმართა. ბოლო დღე იაპონელი რეჟისორისა და თეატრის ისტორიის მკვლევრის აცუში კაკუმოტოს ვორქშოფით „ცხოვრება მთაში და ცხოვრება ზღვის სანაპიროზე“ დაიწყო.
– ძალიან მომეწონა ეს ფესტივალი, განსაკუთრებით მისი ადგილმდებარეობის გამო. ჩემთვის ეს არაა პირველი ჩამოსვლა საქართველოში, მათ შორის, არც – აჭარაში. ჩამოვდივარ ხოლმე თბილისსა და ბათუმში. აქ ძალიან მეგობრული ხალხია, რაც კარგ ატმოსფეროს ქმნის შემოქმედებისთვის. კარგია, რომ ფესტივალი საერთაშორისოა. რაც შეეხება „ვორქშოფს“, სამწუხაროდ, დრო მხოლოდ 90 წუთი მქონდა და არ ვიყავი დარწმუნებული, რას წაიღებდნენ მონაწილეები ჩემგან, თუმცა ვაფასებ, რომ კონცენტრირებულები იყვნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩემი დავალების შესრულებას. მინდა, რომ მათ კიდევ შევხვდე და გამიზიარონ შთაბეჭდილებები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – როგორ გავუგოთ საზოგადოებას და ვორქშოფიც ამაზე იყო, – გვითხრა აცუში კაკუმოტომ.
დასკვნით დღეს, ხულოს დრამატულ თეატრში ლეო ფილფანის სახელობის მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მსახიობებმა, კახა ბაკურაძის რეჟისორობით, მაყურებელს პიესა „ბეთქილი“ წარმოუდგინეს. სპექტაკლი მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთ დალის მითს ეყრდნობა და მარადიულ სიყვარულზე გვესაუბრება.
– ასეთ საკურორტო რეგიონებში, სადაც ბევრი ვიზიტიორი დადის, მსგავსი ფესტივალები საჭიროა, რათა უფრო კარგად გაგვიცნონ, შეისწავლონ ჩვენი კულტურა. ძალიან სასიამოვნო იყო, სავსე დარბაზში რომ მოგვიწია თამაში. ეს უკვე ფესტივალის გამარჯვებაა. ვითამაშეთ ჩვენი საყვარელი სპექტაკლი, რომელიც დახურვის დღეს იუბილარი იყო, ზუსტად 5 წელი შეუსრულდა. კახა ბაკურაძის დადგმული მიმოდრამაა „ბეთქილი“, რომელიც ევა მარგიანის მოთხრობის მიხედვითაა შექმნილი, სანდრო ნიკოლაძის მუსიკით და ცოცხალი ფოლკლორით გაფორმებული. სპექტაკლში ასახული იყო ნადირობის ქალღმერთ დალის და ბეთქილის სიყვარული, რომელიც ძალიან ტრაგიკულად მთავრდება, როგორც ჩვენს მითებს ახასიათებს, – გვითხრა მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მსახიობმა და რეჟისორმა გეგი ფალიანმა.
ფესტივალის დახურვის ცერემონია სხალთის ხეობაში გაიმართა. მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები გადაეცათ.
– ამ ფესტივალის რეალიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა თითქმის 3 წლის წინ დავიწყეთ, თუმცა გუნდი დიდ სიფრთხილეს ვიჩენდით. ფესტივალის პირველ დღეს, ცხადია, იყო რაღაც ხარვეზები, რაც გადაიფარა იმ სიხარულის მოლოდინით, რაც არა მხოლოდ ჩემი შეფასებით, არამედ ფესტივალის ყველა მონაწილის შეფასებით შეიქმნა. ერთიანი აზრია, რომ ეს იყო ერთი დიდი ზეიმი განწყობის, უბრალოების, სახელოვნებო დარგში ადამიანების გაცნობის და გამოცდილების გაზიარების. მესტიამ საოცარი სპექტაკლით დაასრულა ეს ფესტივალი და ბოლოს დარბაზიდან დაისვა კითხვა: რას ვფიქრობთ სამომავლოდ? ვუპასუხე, რომ მომავალ ფესტივალზე ვიქნებით უფრო მეტნი და ფესტივალიც უფრო ხარისხიანი გვექნება. ამ ფესტივალზე მხოლოდ ქართული დასებით შემოვიფარგლეთ, სამომავლოდ უცხოეთის დასების მოწვევასაც ვგეგმავთ, რადგან იყო ჩამოსვლის დიდი სურვილი ევროპის ალპური ზონის თეატრების მხრიდან. პირველ ფესტივალზე თავი შევიკავეთ, რადგან გვინდოდა, ჯერ გამართულად საქართველოს დასებით გაგვევლო ყველაფერი, რათა შემდეგ უკვე უცხოეთიდან დასების მოწვევაც თამამად შეგვძლებოდა. ვფიქრობ, მომავალში 3-ის ნაცვლად უკვე 5-დღიანი ფესტივალი გვექნება, – გვითხრა ფესტივალის იდეის ავტორმა და ხულოს დრამატული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თამაზ ბოლქვაძემ.
– ამდენი ბედნიერი ადამიანის ამხელა გულშემატკივრობა და ის პოზიტიური ენერგია, რომელიც 9, 10 და 11 სექტემბერს ერთმანეთს გავუზიარეთ, აჭარის მთებში უკვალოდ ვერ ჩაივლის. სურვილი საერთაშორისო პლატფორმის დაარსების ახლა უკვე რეალობაა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი შეუფასებელი პროფესიონალიზმიც იყო საყრდენი ამოდენა საქმისა. კერძო სექტორით და უშუალოდ ხულოს მუნიციპალიტეტის სასტუმროებისადმი მადლობით უნდა დავიწყო. უპირველესად, მინდა გამოვყო სასტუმრო ,,ანნა პალასი“, თქვენ შეგვაძლებინეთ, რომ ამდენი სტუმარი მთელი 3-4 დღე გვყოლოდა ასეთი ბედნიერი. მადლობა, ასევე, სასტუმროებს ,,ლილე“ ,,ფოსტა“ და ,,მოგზაური“. რესტორნებმა, „არწივების ბუდემ“, და „აჯიკამ“ ჩემი ბავშვობის ოცნება ამიხდინა, ჩვენ მოვაწყვეთ საზაფხულო სოფელი. დამხმარე ძალა ბათუმიდანაც გვყავდა: დიდებული გოგო – სალომე ახალაძე, ფოტოგრაფი, რომელმაც ისტორია შემოგვინახა, ჩვენი აღმოჩენაა სტარტაპერი თარჯიმანი ნინო ბერიძე – გაგვიადვილა იაპონელსა და გერმანელთან კომუნიკაცია, ვემადლიერები განათების რეჟისორს – რეზო ლორთქიფანიძეს, სპექტაკლების ხარისხი მოკლე დროში ასე რომ წარმოაჩინა. დისტანციურად გვაძლიერებდა თბილისიდანაც ჩვენი მეგობარი პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერი – მარიამ ნატრიაშვილი. მადლობა ხელვაჩაურის თოჯინების სახალხო თეატრს, მესტიის, ხარაგაულის და ამბროლაურის თეატრებს, საინფორმაციო მხარდამჭერებს – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს რეგიონალურ ჯგუფს და ჩემს გაზეთ „აჭარას“. თქვენ ჩემი თილისმა ხართ ამ რეგიონში. Theatre life-მა წამითაც არ მოგვწყვიტა ქართული თეატრის ყველაზე დიდ პლატფორმას და მადლობა ლაშა ჩხარტიშვილს და თეატრმცოდნეების ჯგუფს, ჩვენს საპატიო სტუმრებს განათლების სამინისტროდან, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მადლობა პოლიგრაფიული მომსახურების ცენტრს – ,,გრაფს” დავით აფხაზავას და თავს ზემოთ ძალას რომ ყოველთვის პოულობს იმ საოცარ გოგოს ქეთი ბერიძეს, ფეატივალი ასე კოხტად რომ უმოკლეს დროში შემაფუთინა. ვერანაირი მატერიალური და სიტყვიერი საზღაური ვერ ეყოფა იმ შრომას, რაც კეთილმა ადამიანებმა შეძლეს ამ ფესტივალისთვის. ვულოცავ ბატონ თამაზს ოცნების ასრულებას და ბედნიერი ვარ, რომ ხულოში 2025 წლის 9 სექტემბერს ნამდვილად დაიბადა ფესტივალი, რომელიც მრავალ წელს იცოცხლებს, – გვითხრა ფესტივალის მენეჯერმა მარეხ ტუღუშმა.
„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ ხულოში წელს დაფუძნდა და სამი დღის განმავლობაში 9-დან 11 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.
მარიამ ხითარიშვილი