ქალაქური სიმღერები – პეტრას ციხეზე
By

ქალაქური სიმღერები – პეტრას ციხეზე

პროექტის „ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქი – 2025“ ფარგლებში, „ქალაქური სიმღერების ფესტივალი“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროები, თბილისისა და ბათუმის მერიები.

საზოგადოების წინაშე ამჯერად ორი ლეგენდარული ანსამბლი – „ქართული ხმები“ და „ბათუმი“ წარსდგა ქალაქური სიმღერებით.

… უკვდავმა მელოდიურმა ქართულმა პოპულარულმა

სიმღერებმა, მომღერალთა უბადლო შესრულებამ, არაჩვეულებრივმა გარემომ მრავლად მოსულ მსმენელზე, რომელთა უმეტესობა ფეხზე ამდგარი უსმენდა ორსაათიან კონცერტს, დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. საღამო ციხისძირში, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც მომღერალი აჩიკო გოგიტიძე უძღვებოდა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თავდაპირველად, სცენაზე მასპინძელი – ანსამბლი „ბათუმი“ გამოვიდა, რომელიც ქართულ ვოკალურ ხელოვნებას 30 წელზე მეტია ემსახურება. ამ ხნის განმავლობაში ანსამბლის არაერთი წევრი გამოდიოდა საოპერო თეატრის სცენაზეც და დღესაც გამოდის როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორი ვოკალური მონაცემები გააჩნიათ მომღერლებს.

ანსამბლის დაფუძნება თავის დროზე, ლოტბარმა თემურ დოლიძემ გადაწყვიტა, რომელმაც ირგვლივ ახალგაზრდები შემოიკრიბა, დააფრთიანა და მათთან ერთად ანსამბლში ქალაქური თუ ხალხური მუსიკის შესწავლა დაიწყო. ის არის ჩვენი რეგიონის, და არა მხოლოდ, თვალსაჩინო ხელოვანი. თითქმის არ არსებობს ბათუმში მომღერალი, მისი სკოლა რომ არ გაევლოს, უკეთილშობილესი ადამიანი, არაერთი ჯილდოს მფლობელი, ანსამბლ „ბათუმის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი გახლავთ.

„ბათუმმა“, როგორც ძველი, ისე ახალი სიმღერები შეასრულა, შემდეგ სცენაზე „ქართული ხმები“ მიიპატიჟა და მათთან ერთად „ღვინო კახურო“ იმღერა (სოლისტები – სულხან ჯაიანი, „ბათუმი“და დავით პატარიძე, „ქართული ხმები“). ამის შემდეგ „ბათუმმა“ ესტაფეტა „ქართულ ხმებს“ გადასცა.

სცენაზე იდგნენ ადამიანები, ვისაც სიმღერით შეუძლიათ გაგვახსენონ, საიდან მოვდივართ, რანი ვიყავით და ვართ, რა უნდა იცოდეს და რა უნდა ვასწავლოთ საქართველოს მომავალს.

„ქართული ხმების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სოლისტი თემურ ჭკუასელი დროდადრო ანსამბლის შემოქმედებით გზაზე გვიყვებოდა. ანსამბლმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა პროგრამიდან „სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“, რომელიც სულ ახლახან მოამზადა.

გამოსვლა იაკობ ბობოხიძის მუსიკაზე დაწერილი სიმღერით (ტექსტი -რაფიელ ერისთავის) „სამშობლო ხევსურისა“ დაიწყეს. იმ დღეს პეტრას ციხეზე ანსამბლმა არაერთი საუკეთესო სიმღერა შემოგვთავაზა, მათ შორის რევაზ ლაღიძის სიმღერები კინოფილმებიდან „ხევისბერი გოჩა“, „ცისკარა“, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“, გია ყანჩელის „შემოდგომის ყვავილებს“, ჯანსუღ კახიძის „სახუმარო“, არაჩვეულებრივად შესრულდა პოპულარული „სანთელივით დავდნები“, რომელსაც მაყურებელიც აჰყვა. თითოეული სიმღერა გულში გეღვრებოდა და ქართული სიმღერის უკვდავებაში გარწმუნებდა.

საღამო დაასრულა ორივე ანსამბლის მიერ ერთად ნამღერმა „მრავალჟამიერმა“. საოცრად აჟღერდა უნიკალური ხმები, რომელიც ძარღვს გიტოკებს, წარსულში გაბრუნებს…

რამდენიმე კომენტარი ჩავწერეთ.

თემურ ჭკუასელი:

– ეს იყო შთამბეჭდავი, ბრწყინვალე დღე, ბათუმელებმა საოცარ ადგილზე გვიმასპინძლეს – გარემო ემოციებს გიმატებს. აღელვებულები, კმაყოფილები ვართ. მგონი, კარგი საღამო გამოგვივიდა. ჩვენი ანსამბლები დიდი ხანია მეგობრობენ, ვულოცავ მათ და ჩემს ბიჭებსაც წარმატებულ კონცერტს. ყველაფრისთვის დიდი მადლობა.

ლია შაქარიშვილი, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი:

– დღეს ხელოვნების ზეიმი იყო. ეს ტანდემი საოცარი მოსასმენი იყო. პირველ რიგში, მადლობა აჭარის კულტურის სამინისტროს, აჭარის მთავრობას ასეთი კარგი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა დღევანდელ საღამოს დასწრებოდა, ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ უნიკალური საღამო იყო. ქართული მრავალხმიანობა შეუდარებელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ დღესაც, მსოფლიოში უნიკალური ერი ვართ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ზეიმი გვაჩუქა.

ოთარ ნაკაშიძე, მომღერალი:

– ასეთი აქტივობა რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თან მაშინ, როცა ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადდა. ჩვენს კუთხეში ყოველთვის ტარდებოდა არაჩვეულებრივი საღამოები და ამის დასტურია ამ ორი ბრწყინვალე ანსამბლის გამოსვლა. ასეთი შეხვედრები შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.

სულხან ჯაიანი, ანსამბლ „ბათუმის“ სოლისტი:

– დღევანდელი საღამო, განსაკუთრებით ახალი თაობისთვის, ზეიმი იყო. ახალი მოსული ვიყავი ანსამბლ „ბათუმში“, როცა მათ უკვე ჰქონდათ ჩატარებული ერთობლივი კონცერტი თბილისში და დღემდე იმ საღამოს ტბილად იხსენებენ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მეც მომიწევდა მათთან ერთად სიმღერა. მოხდა ისე, რომ ახალმა თაობამ დრო „უკან დავაბრუნეთ“. ჩემთვის ეს დღე დაუვიწყარი იქნება, ჩემი შემოქმედების ისტორიაშიც ლამაზად ჩაიწერება.

ჭაბუკა სურმანიძე, სოლისტი, ანსამბლ „ბათუმის“ დირექტორი:

– უპირველესად, მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც ასეთი საღამოს ჩატარების შესაძლებლობა მოგვცა. როცა 25 წლის წინ, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, „ქართული ხმები“ გვმასპინძლობდა, რა თქმა უნდა, ორივე ანსამბლიდან სხვა შემადგენლობა იდგა სცენაზე… დასანანია, რომ ისინი ჩვენ გვერდით აღარ არიან – ძალიან დიდი მომღერლები და ჩვენი დიდი მეგობრები. ეს წუხილი დღესაც მოგვყვება, მაგრამ… ცხოვრება ასეთია, ვერაფერს გააკეთებ, გარდა მოგონებისა… თაობა იცვლება, ჩვენთანაც ახლები მოვიდნენ, იმათთანაც და ამდენი წელია ამ სიყვარულით ერთად მოვდივართ… 35 წელი ცოტა არ არის. ამ გენიალურ ანსამბლთან მეგობრობა გრძელდება. ეს საღამო ქართული სიმღერის უკვდავებაა.

ელისო ბოლქვაძე:

– ეს იყო არაჩვეულებრივი კონცერტი სასიამოვნო გარემოში, ზღვის ფონზე, ისტორიულ ადგილას. ანსამბლი „ბათუმი“ და „ქართული ხმები“, ეს ორი ბუმბერაზი ანსამბლია, რომელთაც ეპოქა შექმნეს…

 

მანანა ძიძიშვილი

 

 

 

 

 

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *