თეიმურაზ ზაქრაძე: ამ კოლოსალური გეოპოლიტიკური „მიწისძვრების“ პერიოდში გეყოთ ჭორაობა!
By

თეიმურაზ ზაქრაძე: ამ კოლოსალური გეოპოლიტიკური „მიწისძვრების“ პერიოდში გეყოთ ჭორაობა!

გთავაზობთ ინტერვიუს ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის დამფუძნებელთან, დამოუკიდებელ ანალიტიკოს თეიმურაზ ზაქრაძესთან.

– ბატონო თემურ, სოციალურ ქსელში აცხადებთ: „ხომ გეუბნებოდით, რომ ტრამპი პუტინთან ერთად გააცოცხლებდა 3+3 ფორმატს“, – რას გულისხმობდით?

– ზოგადად, ფორმატი 3+3 გაჩნდა ტრამპის პირველი პრეზიდენტობის ჟამს და მიზნად ისახავდა საქართველოს მოსკოვის იმპერიისთვის გადაბარებას, რაც გეოპოლიტიკურად ჩვენს დასამარებას ნიშნავდა. მოგეხსენებათ, 3+3 არის ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკა – შეერთებული რუსეთთან, თურქეთსა და ირანთან. საბედნიეროდ, ეს გეგმა მაშინ ჩაიშალა და ახლაც არ უწერია მომავალი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის შემდეგ, თავისუფალი მსოფლიო შეთანხმდა: ორპოლუსიანი და ერთპოლუსიანი წესრიგი საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს. 2010-ში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს მრავალპოლუსიანი სამყარო, ხოლო 2011-ში გამოცხადდა აღმოსავლეთ პარტნიორობა, ანუ მრავალპოლარულ სამყაროში აბრეშუმის გზის აღდგენა ჩვენს კონტინენტზე, ბოლო ხუთი საუკუნეა, რომ აღარ არსებობს (მოგეხსენებათ, სწორედ ამიტომ გაირიყა ქართველი ერი გეოპოლიტიკური წესრიგიდან). როგორც კი ეს გზა აღდგება, იმპერიები, უბრალოდ, ვეღარ იარსებებენ, ისინი განწირული არიან და ამ განაჩენს მათ გამოუტანს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი.

– იქნებ დაგვიკონკრეტოთ, იმპერიების დაღუპვასთან დაკავშირებით რატომ ხართ ასე დარწმუნებული?

– იმიტომ, რომ ეს კანონზომიერი პროცესია. რატომ არ გვქონდა 5 საუკუნის განმავლობაში ნორმალური სახელმწიფო? იმიტომ, რომ აღარ ფუნქციონირებდა აბრეშუმის გზა და ჩვენც ვერ ვმონაწილეობდით გეოპოლიტიკურ წესრიგში. აღმოსავლეთ ევროპა გახდა მასკოვიის იმპერიის გავლენის სფერო, ხოლო რუსეთი ითვლებოდა ევრაზიის ღერძ სახელმწიფოდ. აღმოსავლეთ პარტნიორობა კი გულისხმობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გათავისუფლებას იმპერიული გავლენებისგან. ამ ქვეყნებში შედის სახელმწიფოები ბალტიისპირეთიდან დაწყებული, შავი ზღვის აუზის ქვეყნებით დამთავრებული. თუკი აქამდე მოსკოვის გავლით მიმდინარეობდა ევროპა-აზიის ვაჭრობა, ახლა ეს გზა გადმოინაცვლებს აღმოსავლეთ ევროპაზე. ამიტომ შევარდა რუსეთი უკრაინაში. მანამდე ჩვენ წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, რითაც შეგვზღუდა გეოპოლიტიკური კუთხით, ახლა უკრაინასაც ჩამოაჭრის ზღვისპირეთს. სწორედ ამისთვის სჭირდებოდა პუტინს ეს ომი. ახლა მას ტრამპიც ეხმარება…

– რატომ ეხმარება ტრამპი პუტინს?

– ეს ვრცელი თემაა, თუმცა მარტივად გეტყვით: მოსკოვის ოლიგარქის ინტერესში ყოველთვის იყო, ისეთი პრეზიდენტი მოსულიყო თეთრ სახლში, რომელიც დაეხმარებოდა აბრეშუმის გზის აღდგენის წინააღმდეგ ბრძოლაში და იმპერიის დაშლას აარიდებდა. როგორც კი მოსკოვი დაკარგავს აღმოსავლეთ ევროპაზე კონტროლს, ვეღარ იარსებებს იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს. ეს ჩემი მოგონილი არ არის, გეოპოლიტიკური წესრიგის კანონზომიერებაა. ამიტომ უხაროდათ რუსებს ტრამპის გაპრეზიდენტება, შამპანურებიც კი გახსნეს სახელმწიფო დუმაში… როგორც ხედავთ, ტრამპი არც მალავს პუტინის მიმართ სიმპათიებს, აგერ დიდ ოცეულში მიიწვია, ალასკაზე – წითელი ხალიჩა დაუგო და სხვ. მოკლედ რომ ვთქვათ, გარიყულის გლობალურ პოლიტიკაში დაბრუნებას ცდილობს…

– რა პროგნოზი გაქვთ ამ კუთხით?

– ჩვენს კონტინენტზე ტრამპს ხელი არ მიუწვდება, მას არ გააჩნია აბრეშუმის გზის წინააღმდეგ ბრძოლის ბერკეტები ერთი მარტივი მიზეზის გამო: აშშ არ არის ამ კონტინენტის ნაწილი. შესაბამისად, გეოპოლიტიკურ წესრიგს აქ ამყარებს ევროპა დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი, გაერთიანებული, ევროპა არასოდეს ახსოვთ ისტორიაში. ვგულისხმობ, თუ როგორ იცავენ უკრაინას და ყოველმხრივ ეხმარებიან მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

– აშშ-იც ხომ ეხმარებოდა უკრაინას და ახლაც ჰპირდება ზელენსკის მხარში დგომას…

– ტრამპმა დაუკარგა ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც მსოფლიო ლიდერის პოზიცია, ისე ავტორიტეტი. ევროპა გახდა ევრაზიის კონტინენტის წარმმართველი ძალა და როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება…

– ე.ი. გაქვთ ამ ვითარებაში ევროკავშირის იმედი?

– იმედი კი არადა, დარწმუნებული ვარ ამაში. საქართველოს მთავარი ამოცანაა ევროპის რეკომენდაციების – 9 დათქმის შესრულება, რათა გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი.

– თუ შეიძლება, განვიხილოთ 9 დათქმა, რომელია მათგან ყველაზე მთავარი?

– ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი პუნქტი დეოლიგარქიზაციაა, რაც ნიშნავს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საბაზრო ეკონომიკის დაკანონებას. უნდა იყოს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საბანკო სისტემა და ბანკებისგან დამოუკიდებელი საფონდო ბაზარი. ჩვენ ბირჟები საერთოდ არ გვაქვს. სწორედ ამის შედეგია ქეყანაში არსებული სიღატაკე და საბანკო მონოპოლია. ფული მხოლოდ ბანკებს აქვთ. როდესაც არსებობს თავისუფალი სავაჭრო მოედნები, სახელად – ბირჟები, მაშინ ხალხი მდიდარია, ცხოვრობენ სამართლიანი წესებით, რეალურად არის დაყოფილი ძალაუფლების შტოები. კერძოდ, დამოუკიდებელია სასამართლოც, კანონმდებლობაც და მთავრობაც, ისევე როგორც – დემოკრატიული ინსტიტუტები და მედია. ამ შემთხვევაში ყალიბდება დამოუკიდებელი საშუალო კლასი, რომელიც აფინანსებს მემარცხენე პარტიებს. ისინი, თავის მხრივ, კონკურენციაში იმყოფებიან მემარჯვენე პარტიებთან, შედეგად – აღდგება ბალანსი და ქვეყანაში დამყარდება რეალური დემოკრატიული წყობილება. რა გვაქვს დღეს? დღეს გვაქვს ოლიგარქიული ეკონომიკა, რის გამოც საშუალო კლასი არ არსებობს, შესაბამისად, არცერთი მემარცხენე ლიბერალური პარტია არ ფუნქციონირებს და არის ავტოკრატიული წყობილება. სწორედ ამ წყობილების დემონტაჟი არის იმ 9 პუნქტის შესრულება.

თქვენი განცხადებით: „ტრამპის და მისი მოფაშისტო ბრიგადის გეგმაშია მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება. თავდაცვის დეპარტამენტის სახელის ომის დეპარტამენტად გადაკეთება ამ გეგმის დასაწყისია“... ბოლო მოვლენებს თუ გადავხედავთ, როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის უკვე დაწყებული მესამე მსოფლიო ომი?

– მესამე მსოფლიო ომი არ არის დაწყებული, თუმცა არის ამის მცდელობა. ირანთან დიდი ომის გაჩაღების გეგმა ტრამპს ჩაეშალა. სხვათა შორის, ირანთან შეიარაღებული კონფლიქტი მას ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის პერიოდში სურდა, მაგრამ ნატომ არ დაუშვა. აქ ძალიან ღრმა გეოპოლიტიკური მიზეზებია. მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის დამყარების ხელშესაშლელად სამი ლიდერი სახელმწიფოს პირველი პირები იბრძვიან, რომლებიც თავად არიან კრიმინალური ფიგურები. ვგულისხმობ აშშ-ს, ისრაელს და რუსეთს. ისრაელისთვის ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღაზის სექტორის მიტაცება, როგორც ყირიმი სჭირდება მოსკოვს. ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში ისრაელი კარგავს სერიოზულ გავლენებს, ამიტომ ომით ცდილობს, მიიტაცოს გარკვეული ტერიტორიები, რის ხარჯზეც შეძლებს საკუთარი ბერკეტების ამოქმედებას და შეინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას. ამიტომ ატარებს აგრესიულ, გენოციდზე დამყარებულ პოლიტიკას ეს სამი ძალა და საერთო ინტერესებზე დაყრდნობით ცდილობს მსოფლიო ლიდერების პოზიციების შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ გაჩნდა დიდი ომის დაწყების საშიშროება, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ მიუწვდებათ ყველაფერზე ხელი. მაგალითს მოვიყვან: ბუშს ერაყთან ომი რომ სურდა, ნატომ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ბუშმა ცალკე ჩამოაყალიბა სხვა ქვეყნების კოალიცია და მაინც იომა.

– ტარმპსაც ხომ შეუძლია, იგივე გაიმეოროს?

– ვერ შეძლებს, რადგან ცალკე კოალიციის შექმნის შანსიც არ გააჩნია, ისე აიმხედრა სხვა სახელმწიფოები, არავინ აღარ უჭერს მხარს, ხოლო მხარდაჭერის გარეშე ვერავინ დაიწყებს ომს. პროვოკაციის საშიშროება რჩება, წვრილმანი კონფლიქტები ყოველთვის იქნება, მაგრამ გეოპოლიტიკური განლაგება, რომელიც დღეს არის მსოფლიოში და რომელსაც ევროპა რეჟისორობს, არ იძლევა ომის გაჩაღების საშუალებას.

 – 10 სექტემბერს, ღამით, დრონების შეჭრა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიძლება თქვენ მიერ ნახსენებ პროვოკაციად შევაფასოთ? რუსული დრონები პირველად ჩამოაგდეს ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამ ფაქტს როგორ დააკომენტარებთ?

– დიახ, შესაძლოა, ასეც იყოს, თუმცა ეს კომპლექსური თემაა, მოსკოვი ცდილობს, შეარყიოს ევროპის ერთიანობა, ამავე დროს ურჩევნია ნატოსთან წააგოს ომი, ვიდრე – უკრაინასთან. ნატოსთან მარცხი იმპერიის მობილიზებაში და ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება, უკრაინასთან მარცხი კი მისთვის და იმპერიისთვის კატასტროფა იქნება. პოლონეთი აღარ არის უსუსური ქვეყანა. მას უკვე ანგარიშს უწევენ მსხვილი სახელმწიფოები. ჯერ კიდევ 1991 წლიდან, სსრკ-ის სიკვდილიდან ორ თვეში, გაიხსნა ვარშავის ბირჟა, ბალცეროვიჩი იყო ამ საბაზრო ეკონომიკის გურუ, რომელმაც ყველაფერი დანერგა და დღეს ვარშავის ბირჟას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. მისი კაპიტალიზაცია 252 მილიარდი დოლარია, მთელი ეკონომიკა კი 1 ტრილიონზე მეტი გახდა. პოლონეთის ეკონომიკამ ოფიციალურად გადააჭარბა 1 ტრილიონი დოლარის ზღვარს, რითაც შევიდა იმ ქვეყნების ოცეულში, კლუბში, ვისი ეკონომიკის მოცულობაც 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. სწორედ ამან განაპირობა პოლონეთის ევროკავშირის წევრობა.პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა ამ ფაქტს უკვე უწოდა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, რადოსლავ სიკორსკიმ კი თავის მხრივ დაამატა, რომ ვარშავა ახლა შუამდგომლობას წარადგენს G20-ის კლუბის წევრობისთვის. არადა, კომუნისტური რეჟიმის დამხობის, სოციალისტური ბანაკის კრახის და არჩევნებზე солигарносмь-ის გამარჯვების შემდეგ, პოლონეთს მემკვიდრეობით ერგო საშინელი ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია. ქვეყანაში ფული, ფაქტობრივად, არ იყო, თუმცა პოლონელები, მიუხედავად ლეშეკ ბალცეროვიჩის (პოლონური სასწაულის შემოქმედი) რადიკალური რეფორმებისა, არ გატყდნენ. ვარშავის პირველ მიზანს, ეკონომიკის გაჯანსაღების გარდა, წარმოადგენდა კომპარტიის ნომენკლატურის ძირფესვიანად ამოძირკვა აბსოლუტურად ყველა სფეროდან, რაც საბოლოოდ დასძლიეს. ქვეყანამ კურსი საბაზრო ეკონომიკასა და ვესტერნიზაციაზე აიღო, რამაც 30 წლის შემდეგ პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ძლიერ ფინანსურ და სამხედრო ძალად აქცია (სანამ სამხედრო ძალაში მას უკრაინა ჩაანაცვლებდა) და, რაც მთავარია, სტაბილურ და განვითარებულ ქვეყნად. თავისუფალი ბაზრის გარეშე არ არსებობს დემოკრატიული წყობილება, რის გარეშეც ევროპულ ოჯახში ვერ მოხვდები, ანუ თავისუფალი ბაზარი არის დემოკრატიის ხარისხის ნომერ პირველი მაჩვენებელი. ჩვენ ოლიგარქიული ეკონომიკით არ გვეკუთვნის ევროკავშირში ყოფნა. იგივეს გვეუბნება ევროპა: დეოლიგარქიზაცია მოახდინეთ, თავისუფალი ბაზარი გქონდეთ, სასამართლო და მედია გაათავისუფლეთ, დამოუკიდებელი გახადეთ და მაშინ ქვეყანა ევროპულ ოჯახში შევა… როგორც თხებს ვერ შეუშვებ ვენახში, ისე არ შევიშვებით ამ ინსტიტუციებით – ევროპაში. ეკონომიკა არის დემოკრატიული სახელწმიფო წყობილების ფუნდამენტი.

– ყველა მმართველი ძალა გვიმტკიცებდა, რომ თავისუფალი ბაზარი გვქონდა…

– რას ამბობთ, ყველა პოლიტიკური ძალისხმევა იმაზე დაიხარჯა 33 წლის განმავლობაში, რომ არ დაეშვათ საქართველოში საბაზრო ეკონომიკის დაკანონება, რადგან ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტი და მოსკოვის ორბიტიდან მოშორების სრული გარანტია … ზვიად გამსახურდია დაამხეს და მოკლეს სწორედ საბაზრო ეკონომიკის დანერგვის მცდელობის გამო…დემოკრატი კლინტონი მოითხოვდა შევარდნაძისგან საბაზრო ეკონომიკას. ბალცეროვიჩი – პოლონეთის ბაზრის გურუც კი მოგვივლინეს, რომელიც უტიფრად მოიშორეს და მისი რეკომენდაციები არ შეასრულეს. ბარაკ ობამა მოითხოვდა საბაზრო ეკონომიკას „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებისგან, ეს მოთხოვნა არათუ არ შეასრულა, სულაც საბანკო მონოპოლია დააკანონა ლიბერტარიანელმა გიჟთამარას „ნაცსასტავმა“. მიშას უშუალო ბრალიც არის ამაში… ასე რომ, „კორუფცია დავამარცხეთო“ არც კი გაიმეორონ, საბანკო მონოპოლია სწორედ კორუფციის სამოთხეა… ახლა „სასტავი“ გადანაწილებულია სხვადასხვა პარტიაში და მიზანი აქვთ ერთადერთი – არ დაუშვან დეოლიგარქიზაცია.

ნაწილი „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციაში ეხმარება, მეორე ნაწილი – პარტიზანივით დუმს 9 დათქმაზე და დეოლიგარქიზაციაზე.

რასაც მოითხოვდნენ ამერიკელი დემოკრატები, ამჯერად არის დემოკრატიული ევროპის მოთხოვნა.

– როგორია თქვენს წარმოსახვაში დღევანდელი ახლო აღმოსავლეთი?

– აზიის დრაკონის (ჩინეთი) და სპილოს (ინდოეთი) გვერდით დადგა მასკალი დათვი (სიტყვა რუსს არ ვხმარობ და თქვენც გირჩევთ),

აქეთ ევროპამ სულ „მიაჩმორა“ ტრამპის ამერიკა, იმიტომ, რომ ევროპა არის კონტინენტის გეოპოლიტიკური „უფროსი“ და ამერიკის საქმე არაა აქაურ წესრიგში ჩარევა. ვთქვი არაერთხელ, ევროპა, დიდი ბრიტანეთის თამადობით, ერთიანია როგორც არასდროს და აბრეშუმის გზის წესრიგის აღდგენას აწარმოებს.

– საქართველო სად დგას ამ დროს?

– საქართველო აღმოსავლეთ ევროპაა. აი, პეკინში არ მიგვიწვიესო. პეკინში ვერც მიგვიწვევდნენ, იმიტომ, რომ ვერც კი გაბედავდა აზია, რამე პრეტენზია ჰქონოდა ჩვენ მიმართ, ანუ ვერ დასვამდნენ პუტინის გვერდით საქართველოს. ხელი არ მიუწვდებათ. თითქოს არ ვართ, არც -იქით, არც – აქეთ… რეალურად კი იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ – ორი სამყაროს საზღვარზე, დასავლეთის და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე.

რუსული დათვის ადგილი ჩრდილოეთის ყინულებია და იქ დარჩება (საუკეთესო ვარიანტში მოსკოვის ოლქის და არხანგელსკის საზღვრებში). დრაკონის აღვირი და სპილოს თოკი კი იმის ხელში იქნება, ვინც გზას გაკვალავს ევროპის ბაზრისკენ. აბა, აზიის გაერთიანებას რა აზრი აქვს, თუ რაც აქვთ, ვერ გაყიდიან და ვერ იყიდიან იმას, რაც სჭირდებათ? ვისთან უნდა ივაჭრონ სპილომ და დრაკონმა? რა თქმა უნდა, ევროპასთან. ყველაზე დიდი და მდიდარი ევროპის ბაზრისკენ მიმავალი გზა სჭირდებათ. ჰოდა, სადაა ყველაზე მოკლე გზა აზიიდან ევროპისკენ?!.

ვსრაგებლობ შემთხვევით და მინდა მივმართო მთელ საქართველოს: ამ კოლოსალური გეოპოლიტიკური „მიწისძვრების“ პერიოდში გეყოთ ჭორაობა წელსქვემო ფსევდოპოლიტიკაზე, თანამემამულენო! როდემდე უნდა ატინგიცებინოთ თავი გათხოვებებზე, საყვარლებზე, ბუგატებზე

და ათას სისულელეზე, აღარ მოგბეზრდათ? ჩვენ გვაქვს სამშობლო, რომელიც კონტინენტის პოლუსი სახელმწიფო უნდა გახდეს, თქვენ კი რაზე კარგავთ დროს?!

 

ირმა ცეცხლაძე

 

  • No Comments
  • სექტემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *